LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტომობილების სავალდებულო ტესტირების განხორციელებაზე 4 კომპანია იბრძოლებს

24

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  სამინისტროს მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირების საკითხებში საკონსულტაციო მომსახურების გაწევის მიზნით გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვა დასრულდა.

სამინისტროში განაცხადი 4 კომპანიამ წარმოადგინა, ესენია: TUV SUD DOGUS; PANTEYA SPECTRUM CONSULTUNG; SGS SA; TUV HELLAS S.A.

მათ შორის გამარჯვებული 30 დეკემბრამდე შეირჩევა.

აღნიშნული კომპანიების მიერ შემოტანილი წინანადებების დალუქული პაკეტები  ეკონომიკის სამინისტროში შექმნილი განაცხადთა განმხილველი კომისიის პირველ სხდომაზე გაიხსნა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით ხუციშვილი ხელმძღვანელობდა.

„ინტერესთა გამოხატვის ბოლო ვადა იყო 2016 წლის 8 დეკემბერი, შესაბამისად, 9 დეკემბერს გავმართეთ კომისიის პირველი სხდომა, რომელიც განიხილავს წარმოდგენილ განაცხადებს. დაინტერესება გამოხატა ოთხმა კომპანიამ, კომისია უკვე შეუდგა მათ მიერ წარმოდგენილი წინადადებების დამუშავებას. გამარჯვებული კომპანიის შერჩევის ბოლო ვადა არის 2016 წლის 30 დეკემბერი. იმედს ვიტოვებთ, რომ რომელიმე კომპანია დააკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს და პირობებს, რაც იყო გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვაში და ჩვენ შევძლებთ, რომ პროცესი, რომელიც დაიწყო ეკონომიკის სამინისტრომ, განხორციელდება საერთაშორისო გამოცდილების მქონე კომპანიის მხარდაჭერით“ – განაცხადა დავით ხუციშვილმა.

მინისტრის მოადგილის თქმით, კომპანიების მოწვევის მიზნით აღნიშნული ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 7 ნოემბრის №1-1/584 ბრძანებით დამტკიცებული პირობების შესაბამისად და მიზნად ისახავს კომპანიის შერჩევას, რომელიც დაეხმარება საქართველოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირების სრულად ამოქმედებაში.