აზერბაიჯანელმა სამხედროებმა გეგარკუნიკის ოლქის სასაზღვრო ზონაში 6 სომეხი სამხედრო მძევლად აიყვანეს.
ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ მძევლები 27 მაისს აიყვანეს, მაშინ, როდესაც ისინი სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის კალბაჯარის რაიონის იუხარი აირიმის დასახლებული პუნქტის მიმართულებით აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გადმოსვლას ცდილობდნენ და ნაღმავდნენ გზას, რომლის გავლითაც აზერბაიჯანის არმიის პოზიციები მარაგდება.
დაკავების ფაქტს ადასტურებს თავად სომხური მხარეც. “არმენპრესი”, სომხეთის თავდაცვის უწყებაზე დაყრდნობით წერს, რომ აზერბაიჯანის საზღვრის სიახლოვეს, სომეხი სამხედროები საინჟინრო სამუშაოებს აწარმოებდნენ, ამ დროს კი მათ აზერბაიჯანელებმა ალყა შემოარტყეს და დაუდგენელი მიმართულებით წაიყვანეს.
სომხეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ დატყვევებული სამხედრო მოსამსახურეების დასაბრუნებლად საჭირო ზომებს იღებენ.