ბარბრა სტრეიზანდმა ,,ინსტაგრამზე” ემოციური პოსტი გამოაქვეყნა, რომლის ადრესატი არიანა გრანდეა. 83 წლის საკულტო არტისტმა ტექსტს 32 წლის კოლეგასთან ერთად გადაღებული ფოტო დაურთო.
,,არიანა ახალგაზრდა ქალია საოცარი ნიჭით. მას აქვს ულამაზესი ხმა, რომლის მსგავსიც არავის აქვს. ის ასევე საყვარელი, კეთილი და ყურადღებიანია. ძალიან ვამაყობ შენით და მადლობა ჩემ ალბომში მონაწილეობისთვის…” – დაწერა სტრეიზანდმა.
შეტყობინება მოულოდნელი აღმოჩნდა გრანდესთვის, რომელმაც კომენტარების სექციაში აღნიშნა, რომ ეს მისთვის ბევრს ნიშნავს.
,,მადლობა ასეთი სიურპრიზისთვის, ამით შენ დღე, წელი და ცხოვრება გამილამაზე!” – დასძინა არიანამ.
მომღერლების გზები პირველად სცენაზე 2019 წელს გადაიკვეთა, როცა გრანდე სტრეიზანდს ჩიკაგოში გამართულ კონცერტზე ჰიტის – No More Tears (Enough Is Enough) შესასრულებლად შეუერთდა – კომპოზიციის, რომელიც დონა სამერთან ერთად ბარბრამ, 1979 წელს წარადგინა.
ცნობისთვის, არიანა გრანდემ და ბარბრა სტრეიზანდმა წელს პირველად ითანამშრომლეს. მათ მერაია ქერისთან ერთად სიმღერა – One Heart, One Voice გამოუშვეს, რომელიც სტრეიზანდის 37-ე სტუდიურ ალბომში – The Secret of Life: Partners, Volume Two შევიდა. დისკმა, რომელიც ლეგენდარული შემსრულებლის 2014 წლის ფირფიტის – Partners გაგრძელებაა და სხვადასხვა მუსიკოსთან დუეტებს აერთიანებს, მომავალი წლის ,,გრემიზე” ,,საუკეთესო ტრადიციული პოპ ვოკალური ალბომის” ნომინაცია მიიღო.