კლუბი Bassiani მსოფლიოს პალესტინელი ხალხის მხარდაჭერისა და ჰუმანიტარული დახმარების გაწევისკენ მოუწოდებს.
როგორც კლუბი „ინსტაგრამზე“ წერს ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო კულტურის საზოგადოებების არსებითი რწმენა და ღირებულება ყოველთვის იყო ჩაგრულთა გვერდით დგომა.
გთავაზობთ სრულ პოსტს:
„Bassiani განადგურებული უყურებს ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მიმდინარე მოვლენებს.
ის შემზარავი ტერორი, რომელმაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ისრაელში ელექტრონული მუსიკის ფესტივალიდან დაწყებული, პალესტინაში ღაზას დასახლებებით, ლტოლვილთა თავშესაფრებით და საავადმყოფოებით დასრულებული, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ჩაითვალოს სამართლიანობის აქტად.
უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ყველაზე დაუცველი ქალებისა და ბავშვების სიკვდილი და ადამიანის ძირითად ისეთ საჭიროებებზე წვდომის სრული შეზღუდვა, როგორიცაა წყალი, საკვები, ელექტროენერგია და ჯანდაცვა, არის საერთაშორისო სამართლის სასტიკი დარღვევა, რომელიც მხოლოდ კიდევ უფრო მეტ სიკვდილს და ქაოსს მოიტანს და არავის, არც მსოფლიოს და არც რომელიმე მხარეს მშვიდობას არ მოუტანს.
ომსაც კი, არსებითად ყველაზე სასტიკ და ფატალურ აქტს, აქვს შეზღუდვები და მიუხედავად იმისა, რამდენად წინააღმდეგობრივადაც არ უნდა ჟღერდეს, მისი ეთიკა ყველამ უნდა დაიცვას მანამ, სანამ კაცობრიობა არ მივა საყოველთაო თანხმობის მომენტამდე, რომ საერთოდ არ უნდა იყოს ომი, ეს მომენტი სამწუხაროდ დღეს ძალიან შორს ჩანს. მაგრამ სანამ ეს დრო დადგება, ყველას პასუხისმგებლობაა, აიმაღლოს ხმა ტერორიზმის წინააღმდეგ, გამოხატოს წინააღმდეგობა უსამართლობის წინააღმდეგ და მოუწოდოს დანარჩენ მსოფლიოს მხარდაჭერა და ჰუმანიტარული დახმარება გაუწიოს პალესტინის ხალხს.
ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო კულტურის საზოგადოების არსებითი რწმენა და ღირებულება ყოველთვის იყო ჩაგრულთა გვერდით დგომა, ერთმანეთის ადამიანებად აღქმა და ერთმანეთის სიცოცხლის თანაბრად დაფასება და შეფასება. ჩვენ უნდა დავდგეთ პოლიტიკური, კულტურული, სოციალური დევნის, კოლონიალიზმისა და იმპერიალიზმის წინააღმდეგ და გამოვიყენოთ ჩვენი ხმები გლობალურად გენოციდებისა და ოკუპაციების დასასრულებლად.
გთხოვთ გადარიცხოთ თანხა, პალესტინელი ბავშვების დახმარების ფონდში,“ – წერს კლუბი ბასიანი.