27 დეკემბერს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ საბავშვო სტუდიის „ბასტი-ბუბუს“ დამფუძნებელი და დირექტორი მაკა და მარიკა აროშიძე სტუმრობდნენ, რომელთაც „ბასტი-ბუბუს“ 30-წლიანი ისტორია გაიხსენებს, მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
– ქალბატონო მაკა, როგორ შეიქმნა „ბასტი-ბუბუ“?
– ჩვენი სტუდია 1990-იან წლებში შეიქმნა, როცა ერთ დღეში დაინგრა იმ სიმშვიდისა და სტაბილურობის ილუზია, რომელშიც მანამდე ვცხოვრობდით. მართალია, თავიდან პრობლემები დროებითი გვეგონა, მაგრამ მალე უშუქობა, სიცივე და ტოტალური გაჭირვება ჩვეულებრივ ყოველდღიურობად იქცა. 90-იანი წლების დასაწყისში მეყოლა პირველი შვილი, რა თქმა უნდა, როგორც ყველა დედას, მეც საუკეთესო მინდოდა ჩემი შვილისთვის და სწორედ მაშინ გადავწყვიტე საბავშვო გადაცემის გაკეთება. წლების მანძილზე ვმუშაობდი ტელევიზიაში, თუმცა ყოველთვის გული მწყდებოდა, რომ ბავშვებისთვის ზედმეტად პრიმიტიული, ტრაფარეტული გადაცემები კეთდებოდა. ტელევიზიიდან წამოსულმა ახალგაზრდებისგან მივიღე მათ პროექტში მონაწილეობის შეთავაზება. იცოდნენ, რომ ძალიან კარგი სიმღერების ნაკრები მქონდა და თანამშრომლობა შემომთავაზეს. სიხარულით შევუერთდი ახალგაზრდების ჯგუფს, რადგან სტერეოტიპებისგან თავისუფალი ადამიანები იყვნენ და სიამოვნებით იღებდნენ ყველა სიახლეს. ჩვენმა გადაცემამ ერთ დღეში მოიპოვა პოპულარობა და თითქოს გადატრიალება მოახდინა. მართალია, ბასტის და ბუბუს თოჯინები შეკვეთილი გვქონდა, მაგრამ ვერ მოესწრო მათი შეკერვა, ამიტომ პირველი გადაცემა ბავშვებმა წაიყვანეს, რომელთაც არაჩვეულებრივად გაართვეს თავი სამუშაოს, თუმცა არ ჩამორჩნენ არც ბასტი და ბუბუ, რომლებიც ბავშვებთან ერთად უფროსებმაც ძალიან შეიყვარეს. აღსანიშნავია, რომ „ბასტი-ბუბუს“ 13 გადაცემა ცნობილმა მეცენატმა დააფინანსა და სწორედ მისი დახმარებით შევძელით მუშაობა, რადგან იმ პერიოდში პირველ არხს საერთოდ არ ჰქონდა აპარატურა. სხვებისგან განსხვავებით ჩვენი გადაცემა საუკეთესო ხარისხითა და გამოსახულებით გამოირჩეოდა, რამაც გარკვეულწილად მისი პოპულარობა განსაზღვრა.

– მარიკა, თქვენ „ბასტი-ბუბუს“ სტუდიის ერთ-ერთი პირველი მოსწავლე ხართ, როგორ გაიხსენებთ თქვენს ბავშვობას?
– სიმართლე ვთქვა, ძალიან უხასიათო ბავშვი ვიყავი, ცეკვაც მინდოდა, სიმღერაც, მაგრამ თითქოს რაღაც მზღუდავდა და გაღიმების საშუალებასაც არ მაძლევდა. სწორედ „ბასტი-ბუბუს“ სტუდია დამეხმარა კომპლექსების დამარცხებასა და შეზღუდვებისგან გათავისუფლებაში, ამიტომ ახლა თვითონ ვეხმარები ბავშვებს იმავე სირთულეების დაძლევაში.
– სოლიდური პროგრამა მოამზადეთ საიუბილეო წლისთვის. სად და როდის გეგმავთ კონცერტების გამართვას?
– (მარიკა აროშიძე) 2 იანვარს ფილარმონიაში წარვადგენთ „პინოქიოს თავგადასავალს“ ახალი მონაწილეებით, მუსიკალური ნომრებითა და პერსონაჟებით. დარწმუნებული ვარ, მაყურებელიც კმაყოფილი დარჩება, რადგან წარმოდგენა მათ აქტიურ მონაწილეობასაც გულისხმობს. მოგვიანებით ქუთაისში დავდგამთ სპექტაკლს „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“, მერე კი პარიზში გავემგზავრებით ქართული ენის დღეებში მონაწილეობის მისაღებად. ძალიან მიხარია, რომ საიუბილეო წელი კონცერტებით და გასტროლებით დატვირთული იქნება.
– (მაკა აროშიძე) სხვათა შორის, საფრანგეთში ქართველ ემიგრანტებთან ერთად მოვაწყობთ საღამოს. მუსიკალური მასალა უკვე გავუგზავნეთ, ახლა კი, ონლაინ-გაკვეთილებს ვუტარებთ. მართალია, „პინოქიო“ ძველი დადგმაა, რომელმაც რამდენიმე თაობა გაზარდა, მაგრამ წელს სრულად განახლებულ პროგრამას შევთავაზებთ პუბლიკას.

– თავად თუ ყოფილხართ მაყურებელი საკუთარ კონცერტზე?
– (მარიკა აროშიძე) 10 წლის ვიყავი, როცა კონცერტზე დასწრება მოვინდომე, თუმცა მხოლოდ ნახევარ წარმოდგენას ვუყურე, რადგან ყველას მაგივრად ვღელავდი, მინდოდა თვითონაც სცენაზე ვყოფილიყავი და სწორედ მაშინ მივხვდი, რომ ჩემი ცხოვრება წარმოუდგენელი იყო „ბასტი-ბუბუს“ გარეშე.
– (მაკა აროშიძე) მე მეტწილად კულისებიდან ვუყურებ წარმოდგენას, თუმცა ერთ სპექტაკლს აუცილებლად დარბაზიდან ვადევნებ თვალს, რადგან მხოლოდ ასე ვახერხებ დადგმის შეფასებას როგორც მონაწილის, ისე მაყურებლის მხრიდან. უცნაურია, მაგრამ „ბასტი-ბუბუზე“ უამრავი ჭორი ვრცელდება. ამბობენ, თითქოს ჩვენთან მხოლოდ შეძლებული ბავშვები სწავლობენ, არადა სინამდვილეში, ჩვენი სტუდია ყველასთვის ხელმისაწვდომია და ძალიან სახალისო, რომელიც ბავშვებს განვითარების და საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოვლენის საშუალებას აძლევს.

– ქალბატონო მაკა, ბევრი ცნობილი ადამიანი სწავლობდა „ბასტი-ბუბუს“ სტუდიაში, რომელიც დღეს თამამად სარგებლობს ვარსკვლავის სტატუსით. სახალისო ისტორიას ხომ ვერ გაიხსენებთ?
– 10 წლის იუბილეზე სრულიად განსხვავებული პროგრამა „ვარსკვლავები და ბასტი-ბუბუ“ გავაკეთეთ. თავიდან მეეჭვებოდა პროგრამის წარმატების, რადგან საბავშვო კონცერტში უფროსების მონაწილეობა არ მომწონდა, თუმცა როცა ცნობილ მომღერლებს საბავშვო სიმღერების შესრულება შევთავაზეთ, ძალიან კარგი პროგრამა გამოვიდა. საინტერესოდ გადავაკეთეთ ნინო ქათამაძის ერთ-ერთი სიმღერა, რომელიც ისე ძალიან მოეწონა ნიკოლოზ რაჭველს, რომ ჩემი დაწერილი ტექსტი ჩარჩოში ჩასვა და კედელზე დაკიდა. მართალია, სტეფანე არასდროს ყოფილა „ბასტი-ბუბუს“ წევრი, მაგრამ ისე უნდოდა ჩვენს კონცერტში მონაწილეობა, უარი ვერ ვუთხარით და არც შევცდით, რადგან არაჩვეულებრივად მოირგო სახუმარო საბავშვო სიმღერა. მართლაც საოცარი საღამო გამოვიდა და ბედნიერი ვარ, რომ უამრავმა ვარსკვლავმა მიიღო მონაწილეობა აბსოლუტურად უსასყიდლოდ. ვფიქრობ, მხოლოდ ასე შეიძლება საბავშვო სიმღერის პოპულარიზაცია და იმ უბერებელი კომპოზიციების შენარჩუნება, რომლებიც ჩვენმა არაჩვეულებრივმა კომპოზიტორებმა შექმნეს.

– რას ნიშნავს თქვენთვის „ბასტი-ბუბუ“?
– ჩემთვის „ბასტი-ბუბუ“ ჯადოსნური სამყაროა, რომელიც ბავშვებს საკუთარ შესაძლებლობებში გარკვევის და დარწმუნების საშუალებას აძლევს, საკუთარი თავი კი, ფერია მგონია, რომელიც ამ არაჩვეულებრივ სამყაროს უდგას სათავეში და მაქსიმალურად ეხმარება ბავშვებს.