LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბედობის დღეს მეუღლესთან და ბავშვებთან ერთად ყოველთვის მშობლებთან აღვნიშნავ, მით უფრო, რომ ბავშვები ძალიან მეგობრობენ ბებიასთან და ბაბუასთან” – ვარსკვლავური ოჯახი პრემიერით „არტ-FM“-ში

195
გიგი-გეგელაშვილი

19 დეკემბერს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ მუსიკოსი გიგი გეგელაშვილი სტუმრობდა მშობლებთან – ქალბატონ ინგა ბერაძესთან და ბატონ დავით გეგელაშვილთან ერთად, რომელთაც საკუთარ ოჯახზე ისაუბრეს და ცნობილი სიმღერის ახალი ვერსია წარმოადგინეს.

სიმღერის რადიო პრემიერა

(გიგი გეგელაშვილი) მართალია, სიმღერას, რომელიც  ჩემს ჯგუფს „სინათლის წელიწადს“ ეკუთვნის, ჩვენი თაყვანისმცემელი კარგად იცნობს, მაგრამ სპეციალურად თქვენი გადაცემისთვის ახალი ვერსია ჩავწერე დედასთან ერთად, ამიტომ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დღეს მისი რადიო პრემიერა შედგება. აქვე აღვნიშნავ, რომ სიმღერა თვითონ დავწერე ოთარ ჭილაძის ლექსზე და ჩემივე სტუდიაში ჩავწერე.

ბავშვობა

(გიგი გეგელაშვილი) ბავშვობის სიმღერებიდან „დაირეკა ბოლო ზარს“ გამოვყოფდი, რომელსაც ყოველთვის შემართებით ვასრულებდი. ძალიან პოპულარული სიმღერა იყო და ყველას მოსწონდა. თავის დროზე ბასტი-ბუბუმ კლიპიც კი გააკეთა, რომელიც თითქმის ყველა არხზე გავიდა და პირველ რიგში ბავშვებმა აიტაცეს.

(დავით გეგელაშვილი) გიგის ბავშვობიდანვე საოცარი მუსიკალური და არტისტული მონაცემები ჰქონდა. მართალია, თვითონ ფიზიკოსი ვარ, მაგრამ არასდროს დამიძალებია ესწავლა ფიზიკა, პირიქით, ხელი არ შევუშალე და არჩევანის სრული თავისუფლება მივეცი. თავიდან თვითონაც მსახიობობა არჩია, თუმცა საბოლოოდ მაინც მუსიკამ გადაწონა. ვფიქრობ, სწორი არჩევანი გააკეთა, რადგან უკვე შეძლო წარმატების მოპოვება როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. რამდენიმე წლის წინ არაჩვეულებრივი შეფასება ჰქონდათ ამერიკელებს, რომელთაც სიამოვნებით აღნიშნეს გიგის მუსიკალური ნიჭი და ხაზი გაუსვეს, რომ მაშინ როცა ყველაფერი გაჩერებულია, სწორედ კავკასიაში, სადაც განსაკუთრებით დაძაბული სიტუაციაა, გამოჩნდა ნათელი სახელად „სინათლის წელიწადი“.

ფესტივალი „ოქროს მუზა“

(დავით გეგელაშვილი) ფესტივალი ჩემი და ქალბატონ ირინა ცერცვაძის ორგანიზებით დაფუძნდა, იდეა კი, ბატონ მერაბ ბერძენიშვილს ეკუთვნოდა, რომელსაც ბევრად მასშტაბური ფესტივალის გაკეთება უნდოდა ხელოვნების სხვადასხვა დარგის – ქორეოგრაფიის, ფერწერის და ქანდაკების გაერთიანებით. მართალია, ძალიან შეგვაფერხა კოვიდმა და ორწლიანმა პანდემიამ, მაგრამ წელს მაინც შევძელით ფესტივალის ჩატარება, რომელსაც ფერწერის კონკურსიც დავუმატეთ. ძალიან მიხარია, რომ ფესტივალში უცხოელებიც მონაწილეობენ, რამდენიმე წლის წინ მალტაში მოვაწყვეთ კონკურსი და  ქართველებთან ერთად ადგილობრივებმაც მიიღეს მონაწილეობა.

ოჯახური ტრადიციები

(ინგა ბერაძე) 1990-იან წლებში, როცა ყველაფერი ჩაბნელებული და გაყინული იყო, ჩვენ ხელოვნებამ გაგვიტაცა, ახალ სიმღერებს, ახალ ლექსებს ვქმნიდით და ერთგვარ მუსიკალურ- პოეტურ საღამოებს ვაწყობდით, ვუკრავდით ფორტეპიანოზე და ვასრულებდით დათოს შექმნილ სიმღერებს.

(გიგი გეგელაშვილი) მართალია, ძალიან პატარა ვიყავი, მაგრამ მაინც კარგად მახსოვს 90-იანები. განსაკუთრებით სინათლე რომ ქრებოდა, ჩვენ ლამფებს ვანთებდით და შემოქმედებით საღამოებს ვაწყობდით. რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე პერიოდი იყო, თუმცა  ერთმანეთის სიყვარულით მაინც ვახერხებდით სირთულეების დაძლევას, დღეს კი, ისეთი სწრაფი ტემპით ვცხოვრობთ, ცოტა ხნით შეხვედრასაც ვეღარ ვასწრებთ.

რაც შეეხება საახალწლო ტრადიციებს, სხვების მსგავსად ჩვენც გვაქვს ჩვენი ტრადიციები. ბავშვობაში, ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე წუთით ადრე მე და მამა გარეთ გავდიოდით, მერე კარზე ვაკაკუნებდით და დედის შეკითხვაზე ვინ არის, რა მოგაქვს? ომახიანად ვპასუხობდით: „ახალი წელი ვარ, ტკბილეულით მოვდივარ, სიხარული, ბედნიერება, ხვავი და ბარაქა მომაქვს!“ ტრადიცია წლების მანძილზე გაგრძელდა, მერე კი, დავოჯახდი და სხვაგან გადავედი საცხოვრებლად, თუმცა მეორე ტრადიცია მაინც შევინარჩუნეთ, ბედობის დღეს მეუღლესთან და ბავშვებთან ერთად მაინც ყოველთვის მშობლებთან აღვნიშნავ, მით უფრო, რომ ბავშვები ძალიან მეგობრობენ ბებიასთან და ბაბუასთან. ძალიან მიხარია, როცა მათ ურთიერთობას ვხედავ, რადგან თვითონ მხოლოდ ერთ ბებიას მოვესწარი, რომელმაც გამზარდა და ძალიან განვიცადე მისი გარდაცვალება. მამაჩემი მართლაც ფანტასტიკური ბაბუა, განსაკუთრებით უფროს ბიჭთან ძმაკაცობს, რაც თვითონაც ძალიან მოსწონს, რადგან ყველა სურვილს უსრულებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები