LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბელგიელმა მეცნიერებმა 10 000 წლის წინ მცხოვრები ქალის ვიზუალი აღადგინეს

106
image

ბელგიელმა მკვლევრებმა აღადგინეს იმ ქალის გარეგნობა, რომელიც დაახლოებით 10,500 წლის წინ ცხოვრობდა. ქალის ნეშტი ჯერ კიდევ 1988 წელს მდინარე მაასის სიახლოვეს, მარგოს მღვიმეში აღმოაჩინეს, თუმცა მისი სახის რეკონსტრუქცია მხოლოდ ახლა გახდა შესაძლებელი. გამოცემა Interesting engineering-ის ინფორმაციით, გარეგნობის აღდგენა დნმ-ის ანალიზით მოხერხდა.

როგორც გაირკვა, ქალს ცისფერი თვალები და ღია კანის ფერი ჰქონდა — ბევრად უფრო ღია, ვიდრე იმდროინდელ ტომთა უმრავლესობას. ეს მანამდე არსებულ წარმოდგენებს სრულად ცვლის: აქამდე მიაჩნდათ, რომ მეზოლითური პერიოდის ყველა ევროპული ტომი ერთნაირად გამოიყურებოდა.

ქალის ასაკი სიკვდილის დროს დაახლოებით 35-დან 60 წლამდე იყო.

მღვიმე, სადაც მისი ნეშტი იპოვეს, სასაფლაოს ფუნქციას ასრულებდა. მარგოსთან ერთად აღმოაჩინეს კიდევ რვა ქალის ნეშტი, რაც საკმაოდ იშვიათია — მსგავსი სამარხები ჩვეულებრივ მამაკაცებს და ბავშვებს ეკუთვნოდათ ხოლმე. ასევე, ზოგიერთი ნეშტი დაფარული იყო წითელი მინერალით, რომელსაც რიტუალურად იყენებდნენ.

ქალის ვიზუალური რეკონსტრუქცია დნმ-ის და არქეოლოგიური მონაცემების საფუძველზე გახდა შესაძლებელი.

მეცნიერთა ვარაუდით, მისი ტომი მომთაბარე ცხოვრებით ცხოვრობდა, იკვებებოდა ნადირობით მოპოვებული ხორცით, თევზით და კაკლით. ამჟამად მიმდინარეობს კვლევა, რომლის მიზანია დაადგინოს, თუ როგორ იყვნენ დაკავშირებული ერთმანეთთან მღვიმეში დაკრძალული ადამიანები და როგორ გამოიყურებოდა მათი ყოველდღიური რაციონი.
აღსანიშნავია, რომ ქალს სახელად „მარგო“ დაარქვეს, იმ ადგილის სახელის მიხედვით, სადაც ის იპოვეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები