LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბერა: ძალიან უნდა მიღირდეს, რომ წავიდე და ოჯახი დავტოვო

117

რადიო „ფორტუნა პლუსის“ ეთერში ბერას ახალი სიმღერის – „შენთან ერთად“ პრემიერა შედგა.  მომღერალმა შემოქმედებასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

თაყვანისმცემლებს ბევრ სიახლეს უმზადებ, თუმცა მათზე ჯერ არ უნდა ვისაუბროთ.  ერთადერთი იმისი თქმის საშუალება გვაქვს, რომ Wyclef  Jean-თან რამდენიმე დუეტი უკვე მზად გაქვს…
– კი, სამი სიმღერა ჩავწერეთ, საქართველოშიც იყო ჩამოსული, დედაჩემის დაბადების დღეზე, სიურპრიზი მოვუწყეთ. წარმოიდგინეთ, აქ ჩამოსასვლელად  მან კონცერტიც კი გადადო. შეასრულა ყველა თავისი ჰიტი და ძალიან კარგად გავერთეთ.

– როგორია შენი ყოველდღიურობა?
– ბოლო 6 თვე სტუდიაში გავატარე, იქ ვცხოვრობდი, უამრავი ახალი სიმღერა ჩავწერე, გადავიღე კლიპები, რომლებსაც საზოგადოება მალე იხილავს. საქართველოში რომ ჩამოვდივარ, ვცდილობ უმეტესი დრო ოჯახთან ერთად ვიყო, ჩემს უმცორს ძმასთან, რომელიც ძალიან მენატრება ხოლმე.

რამდენ ხანს გაჩერდები კიდევ თბილისში?
– ამ დღეებში შეიძლება გავფრინდე პარიზში, გააჩნია მოლაპარაკებები, რომლებიც მიმდინარეობს, როგორ წარიმართება. ძალიან უნდა მიღირდეს, რომ წავიდე და ოჯახი დავტოვო.

– მჭიდრო კავშირი გაქვს საფრანგეთთან და იქ მოღვაწე მუსკოსებთან..
– პირველი კონტრაქტი საფრანგეთში გავაფორმე, ბევრი იქაური რეპერისთვის ტექსტები მე დავწერე. ეს ფაქტი ბევრმა არ იცის, მაგრამ დღესდღეობით Youtube-ზე ჩემი უამრავი დაწერილი სიმღერა დევს.

– რამდენი სიმღერა შევა ალბომში, რომელზეც მუშაობ?
– ზუსტ ციფრს ვერ გეტყვით, არც ის ვიცი, როდის გამოვა დისკი. თუმცა, უკვე მზად არის რამდენიმე დუეტი, რომელიც ჩემი გულშემატკივრებისთვის ნამდვილი სიურპრიზი იქნება.

საქართველოში შედგება ალბომის რელიზი?
– რა თქმა უნდა, ყველანაირი ჩემი ექსკლუზივი საქართველოში შედგება.

– კლიპებზეც მუშაობ როგორც ცნობილია…
– დიახ, 5-6 ვიდეო უკვზე მზად არის, ორი მათგანი დუეტზე მაქვს გადაღებული.

– ცნობილია, რომ აქტიურად ეხმარები დამწყებ მუსიკოსებს, ვისაც ამისი შესაძლებლობა არ აქვს.
– ხმამაღლა ნათქვამია, რომ ვეხმარები, უფრო ვცდილობ ჩემი წვლილი შევიტანო ამ ადამიანების ცხოვრებაში. უფრო ორგანიზებულად ვგეგმავ ამ ყველაფრის კეთებას „ჯი დი ესის“ სკოლის საშუალებით.

როგორია ბერა სტუდიაში?
– მიყვარს სტუდიური ცხოვრება, თავისი სიგიჟე ამ პროცესს თან ახლავს. როდესაც დრო მაქვს სულ სტუდიაში ვარ, სიმღერას კალმისა და ფურცლის გარეშე ვწერ – როდესაც იდეა მომდის, შევდივარ კაბინაში და ვწერ. სულ მუშაობის პროცესში ვარ.

– აქტიურად იყავი ჩართული ზაზა ფაჩულიას მხარდაჭერაში, სოციალურ ქსელში შენს მიერ გავრცელებული ვიდეო, სადაც Wyclef  Jean ზაზას მხარდაჭერისკენ მოუწოდებს ძალიან პოპულარული გახდა.
– პირველ რიგში, მე კალათბურთის დიდი გულშემატკივარი ვარ, ამასთან, თითოეული ჩვენგანის მოვალეობა იყო ზაზას გულშემატკივრობა. როდესაც ვნახე, რომ რეალური შანსი გვქონდა, ყველაფერი ვიღონე, დავურეკე უცხოელ მეგობრებს და მხარდაჭერა ვთხოვე. ბევრმა უარი იმიტომ მითხრა, რომ ჩვენს კონკურენტებს გულშემატკივრობდა.

ბერა, მოგვიყევი რა ხდება შაბათს, 2 საათზე?
– საუკეთესოს მოლოდინი მაქვს შაბათს. ახალ სპორტის სასახლეში მუსიკალური შოუ და სპორტული სანახაობა იქნება, დასწრება უფასოა და ყველას, ვისაც გაქვთ სურვილი შეგიძლიათ მობრძანდეთ. შოუს მე გავხსნი, მე და ჩემი გუნდი მაქსიმუმს გავაკეთებთ, შედგება ჩემი ერთი სიმღერის პრემიერა და შევასრულებ ძველ ჰიტებს.

– რაც შეეხება შენს ახალ სიმღერას „შენთან ერთად“, რას გვეტყვი მასზე?
– ისევე, როგორც ყველა ჩემი სიმღერა, ესეც მე დავწერე დაახლოებით 6 თვის წინ, ამერიკაში.  ვიტყვი იმას, რომ კონკრეტულ ადამიანს ეს სიმღერა არ ეძღვნება.

– რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში?
– ამ ეტაპზე საინტერესო არაფერი. არ მიყვარს წარსულ ურთიერთობებზე და სხვის ცხოვრებაზე  საუბარი, ყოველთვის ღიად ვვლაპარაკობ ჩემს თავზე, რადგან დასამალი არაფერი მაქვს. არ მგონია, რომ ცხოვრებაში სერიოზული შეცდომა დამიშვია ამ მხრივ.

ინსპირაციას საიდან იღებ?
– სიყვარული, ზოგადად დიდი ინსპირაციაა, თუმცა მე მას ყოველდღიურობიდან ვიღებ. ყველაფერი გულიდან მოდის.

კრიტიკის მიმართ რა რეაქცია გაქვს?
– ჯანსაღი კრიტიკის მიმართ ძალიან კარგი რეაქცია მაქვს, ის წარმატების ერთ-ერთი გასაღებია. მე აქტიურად ვეცნობი კომენტარებს და სამწუხაროდ ბევრი ადამიანი დღეს ინტერნეტით ცხოვრობს. იმას, რასაც იქ წერენ, რეალურად ვერასოდეს იტყვიან ხმამაღლა და ეს ძალიან ცუდია, თუმცა მე არ ვაქცევ ამ ყველაფერს ყურადღებას. უბრალოდ, როდესაც ოჯახს ეხება, ამაზე ცუდი რეაქცია მაქვს. მაგრამ როცა შოუ-ბიზნესში მოვდიოდი, ვიცოდი ამ ყველაფრის შესახებაც. მე ყველას ყველაფერს კარგს ვუსურვებ.

– წარმატებებს გისურვებ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები