ბერლინის ცენტრი, სადაც 1,5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, მომავალ წელს შესაძლოა სრულად დაიხუროს ავტომობილებისთვის. ინიციატივის ავტორი Berlin Autofrei უკვე აგროვებს ხელმოწერებს რეფერენდუმის ჩასატარებლად. საჭირო 175 ათასი ხელმოწერის მიღების შემთხვევაში, მოსახლეობა ამ საკითხს თავად გადაწყვეტს, წერს The energy mix-ი.
ინიციატორები აცხადებენ, რომ ქუჩები უფრო უსაფრთხო, მშვიდი და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო გახდება. გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ფეხით, ველოსიპედით ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით.
გამონაკლისი დაიშვება სასწრაფო დახმარებისთვის, პოლიციისა და სახანძრო მანქანებისთვის, ასევე საქონლის მიტანის სერვისებისთვის და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. განსაკუთრებულ შემთხვევებში მოქალაქეებს მანქანით ცენტრში შესვლა წელიწადში 12-ჯერ შეეძლებათ (მაგალითად, საცხოვრებლის შეცვლისას ან ავეჯის გადატანისას).
საინტერესოა, რომ ელექტრომობილებს შეღავათი არ შეეხებათ: აქტივისტების აზრით, ისინი ისეთივე სივრცეს იკავებენ და ისეთივე საფრთხეს ქმნიან, როგორც ჩვეულებრივი მანქანები.
Berlin Autofrei ხაზს უსვამს, რომ მსგავსი მაგალითები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში უკვე არსებობს: პარიზის რამდენიმე უბანი მანქანებისგან თავისუფალია, ოსლოსა და ბრიუსელში კი — ცალკეული ქუჩები.