„ბიბილოვმა შეიძლება, თავისი კამპანიის მიზნებისთვის რაღაც რეფერენდუმიც ჩაატაროს, მაგრამ არ მგონია, ამ ყველაფერს შემდგომი მსვლელობა მიეცეს“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „პირველი არხის“ ეთერში საუბრისას განმარტა, რითიც უპასუხა კითხვას, თუ „როგორი იქნება ბიბილოვის მიერ დაანონსებულ რეფერენდუმზე ოფიციალური თბილისის რეაგირება“.
„მიმაჩნია, რომ რუსეთთან გაერთიანება ჩვენი სტრატეგიული მიზანია, ჩვენი გზაა: ანატოლი ბიბილოვი
„რაც შეეხება განცხადებას, რომელიც ბიბილოვის მხრიდან გაკეთდა, ეს განცხადება კეთდება ყოველთვის, როდესაც ცხინვალის რეგიონში ე.წ. არჩევნები ტარდება. ამ შემთხვევაშიც, ბიბილოვს არჩევნები აქვს და როგორც წინა შემთხვევებში, მან ჩათვალა, რომ კამპანიის მიზნებისთვის მისი მხრიდან მიზანშეწონილი იყო ამ განცხადების გაკეთება. ეს არის და ეს. თუ ამ განცხადებას ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას მივანიჭებთ, ამით წყალს დავასხათ იმ წისქვილს, რომელიც ბიბილოვს ეკუთვნის“, – განაცხადა კობახიძემ.
კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა, რეფერენდუმის დაანონსებას შემდგომი მსვლელობა მიეცეს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ იმედია, ამას არავითარი მსვლელობა არ მიეცემა.
„მე იმედი მაქვს, ამას არავითარი მსვლელობა არ მიეცემა. შეიძლება, ბიბილოვმა თავისი კამპანიის მიზნებისთვის რაღაც რეფერენდუმიც ჩაატაროს, მაგრამ არ მგონია, ამ ყველაფერს შემდგომი მსვლელობა მიეცეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.