LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბიოლოგიის სახელმძღვანელოში ტერმინი “ნარკომანი” უნდა შეიცვალოს” – ომბუდსმენი

39

სახალხო დამცველი მოუწოდებს განათლების სამინისტროს, ბიოლოგიის VIII კლასის გრიფირებული სასკოლო სახელმძღვანელოდან ამოღებულ იქნეს წამალდამოკიდებული, აივ ინფექციისა და შიდსის მქონე ადამიანების მიმართ სტიგმისა და სტერეოტიპების შემცველი ფრაზები და მსჯელობები. ომბუდსმენის ვებ-გვერდზე განთავსებული განცხადების მიხედვით, სახელმძღვანელოში, წამალდამოკიდებულ ადამიანებთან მიმართებით გამოყენებულია მცდარი ტერმინი „ნარკომანი“, ამასთან, წამალდამოკიდებული ადამიანი აღქმულია როგორც საზოგადოებისთვის საშიში პიროვნება.

„სახელმძღვანელოში ასევე ერთმანეთთან არის გაიგივებული აივ ინფექცია და შიდსი და მცდარი ინფორმაციაა მოწოდებული მათი გავრცელებისა და აღნიშნულ დაავადებებთან ბრძოლის შესახებ. სახელმძღვანელოში ასევე ასახულია შიდსით დაავადებული წამალდამოკიდებული პირის „შემზარავი“ ფოტო.

სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ სახელმძღვანელოში გამოყენებული ფრაზები, მსჯელობა და მცდარი ინფორმაცია ხელს უწყობს წამალდამოკიდებული, აივ ინფექციის და შიდსის მქონე ადამიანების მიმართ სტერეოტიპული დამოკიდებულების და სტიგმის გაძლიერებას და ახალისებს სხვადასხვა სფეროში მათი უფლებების შეზღუდვას დისკრიმინაციული მოტივით.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ დაუშვებელია სკოლის მოსწავლეებისთვის განკუთვნილ სახელმძღვანელოში გვხვდებოდეს ისეთი გამონათქვამები, რომელიც არასწორ ინფორმაციას აწვდის ბავშვს და კონკრეტულ საკითხზე უქმნის მას ისეთ წარმოდგენას, რამაც შეიძლება წაახალისოს კონკრეტული ჯგუფების მარგინალიზაცია და ხელი შეუწყოს სტერეოტიპული აზროვნების განვითარებას სკოლის ასაკიდანვე,“ – ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g