„ჩვენ ვიცით განცხადება გაკეთდა, რომ ჰაკერებმა გაუტეხეს მედვედევს გვერდი – არ ვიცი გაუტეხეს, მთვრალმა დაწერა თუ რაღაც სხვა და შესაძლოა, მართლაც ვინმემ გაუტეხა და დაუწერა, მაგრამ საქმე იმაშია, რომ რაც ამ განცხადებაში კომპაქტურად და კიდევ უფრო მკვეთრად წერია, ყველაფერი ეს, პუტინს, მედვედევსა და მათ პროპაგანდას სხვადასხვა ეტაპზე ნათქვამი აქვს“, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ სოციალურ ქსელში რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის სახელით გამოქვეყნებულ „პოსტთან“ დაკავშირებით განაცხადა.
როგორც ბოკერიამ თქვა, აღნიშნულში სიახლე არაფერი არ არის და ამ განცხადებაში გინდა ყალბი იყოს და გინდა არა, ყველაფერი შეკრულია.
„რეალურად, ეს არის ის სულისკვეთება, რითაც პუტინის რეჟიმი მოქმედებს და რის გამოც ის ჩვენი ქვეყნის, სხვა მეზობლების და თავისუფალი სამყაროს ქვეყნების თავისუფლებისთვის, სახელმწიფოების არსებობისთვის საფრთხეს წარმოადგენს.
ამაში სიახლე არაფერი არ არის. უკრაინაში აგრესიის წინ, იგივე იყო. მათი პროპაგანდა წლებია სწორედ ამ ხაზს აწვება, რომ ჩვენ არ ვარსებობთ. ცოტა ხნის წინ თავდაცვის მინისტრმა, შოიგუმ თქვა, რომ საბჭოთა კავშირი აღდგებაო“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ცნობისთვის, მედვედევის გვერდზე გამოქვეყნდა პოსტი, რომ საქართველო რუსეთის ნაწილი უნდა გახდეს – სტატუსი 10 წუთში წაიშალა.