ბოლო პერიოდში ორსულებში კორონავირუსი ძალიან მძიმედ მიმდინარეობს, არ აქვს მნიშვნელობა, ორსული რომელ ტრიმესტრშია, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა „ტვ პირველს“ განუცხადა.
რატიანმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, თუ როგორ ვლინდება ვირუსის ახალი შტამი ინფიცირებულ ორსულებსა და ახალგაზრდებში.
„ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით, ორსულების შემთხვევაში, არ აქვს მნიშვნელობა რომელ ტრიმესტრში იქნება, რა დატვირთული ანამნეზით იქნება, ჩემი პრაქტიკის მაგალითზე მინდა გითხრათ, რომ ამ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით მძიმედ მიმდინარეობს ორსულებში კოვიდ ინფექცია.
თუ მანამდე 20% შემთხვევაში სჭირდებოდათ ორსულ ქალებს ოქსიგენოთერაპია, დღევანდელი მონაცემებით, ჩვენი კლინიკის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ 95% საჭიროებს ჟანგბადის დახმარებას. ეს ძალიან ცუდია. ეს, სავარაუდოდ, დამახასიათებელია დელტა შტამისათვის, ვინაიდან მას ახასიათებს ვერაგული მიმდინარეობა, ეს გამოიხატება იმაში, რომ იგი მასიურად აზიანებს ფილტვის ქსოვილს, უჭირს ადამიანებს სუნთქვა.
მეორე სიმპტომი ეს არის ცხელება. ჩვენი კლინიკის გამოცდილებით, აქამდე ცხელება იწყებოდა ინფიცირებიდან მეშვიდე-მერვე დღეს, ახლა უკვე ცხელება იწყება არა მეშვიდე-მერვე დღეს, არამედ მე-3; მე-4 ან მე-5 დღეს“, – განაცხადა რატიანმა.
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა მოქალაქეებს დაავადების წინააღმდეგ სიფხიზლისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
გუშინ საქართველოში 28 წლის ორსული გარდაიცვალა. შემთხვევა ქუთაისში კლინიკა „ბომონდში“ მოხდა.