საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ზაფხულის ტესტ-მატჩებს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას მიუძღვნის, – ინფორმაციას ამის შესახებ გაეროს ქალთა ორგანიზაცია ავრცელებს.
2 და 9 ივლისს ბორჯღალოსნები მოედანზე გაეროს ქალთა ორგანიზაციის ლოგოიანი კვართებით გავლენ. ორივე მატჩში ქართველი მორაგბეები მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს, სამხრეთ აფრიკას დაუპირისპირდებიან.
მატჩების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე საუბრობენ ინიციატივის ავტორები და აღნიშნავენ, რომ რაგბის სამყარო და გულშემატკივრები მას მოუთმენლად ელიან.
17 ივლისს ბორჯღალოსნები “დინამო არენაზე” შოტლანდიის ნაკრებს უმასპინძლებენ, მოედანზე ისინი კვლავაც გაეროს ქალთა ორგანიზაციის ლოგოიანი კვართებით გავლენ და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას მხარდაჭერას კიდევ ერთხელ გამოუცხადებენ.
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი იოსებ ტყემალაძე მთავარ გზავნილზე საუბრობს და ამბობს, რომ გაეროს ქალთა ორგანიზაციის ლოგოთი გამოსვლა ქალთა მხარდასაჭერად მნიშვნელოვანი გზავნილია:
“ქალთა უფლებების მხარდაჭერის გლობალურ გზავნილს ტესტ-მატჩების ფორმატში სამხრეთ აფრიკასთან კიდევ ერთხელ გავახმოვანებთ. გადავწყვიტეთ, უარი ვთქვათ სპონსორობაზე, მხარი დავუჭიროთ გაეროს ქალთა ორგანიზაციას, ჩვენს დიდი ხნის პარტნიორს სოციალურ პროგრამებში და კიდევ ერთხელ ხმამაღლა განვაცხადოთ: ქალთა მიმართ ძალადობა საქართველოს რაგბის კავშირისა და ყველა მორაგბისთვის კატეგორიულად მიუღებელია.” – ამბობს ტყემალაძე.
როგორც ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი აღნიშნავს, მოხარულია, რომ ეძლევათ საშუალება და ასეთ მნიშვნელოვან ტესტებს ამ ლოგოთი ითამაშებენ:
“ქალთა მიმართ ძალადობა მსოფლიოს პრობლემაა და მის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას ახლა უკვე გლობალური მასშტაბით ვუერთდებით. მთავარი სპონსორის ნაცვლად, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ლოგოთი გამოსვლა მნიშვნელოვანი გზავნილია ქალთა მხარდასაჭერად.”
ბორჯღალოსნების კაპიტანი მერაბ შარიქაძე აღნიშნავს, რომ ნაკრებისთვის პატივია, რადგან ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ცნობიერების ამაღლებაში კიდევ ერთხელ ჩაერთვებიან:
“ზაფხულის ტესტების უმნიშვნელოვანეს თამაშებზე ამ გზავნილით გავალთ. ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ყველამ მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ”.
საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელი თამარ საბედაშვილის განცხადებით, განსაკუთრებით სასიხარულოა, რადგან ბორჯღალოსნები ასეთ მნიშვნელოვან მატჩს ქალთა უფლებებსა და მათ გაძლიერებას უძღვნიან.
მისივე თქმით, მრავალი წელია, რაც რაგბის კავშირი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობს და ამ საკითხში ისინი თანამებრძოლები არიან.
როგორც გაეროს ქალთა ორგანიზაციაში აცხადებენ, ქართველ მორაგბეებს გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან დიდი ხნის პარტნიორობა აკავშირებთ და თანამშრომლობა ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში კაცების მონაწილეობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ქართველმა მორაგბეებმა მოძრაობას – “გავერთიანდეთ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ” – და გაეროს ქალთა ორგანიზაციის სოლიდარობის მოძრაობა გენდერული თანასწორობისთვის HeforShe ეგიდით, არაერთი საერთაშორისო მატჩი მიუძღვნეს.
ისინი მთელი საქართველოს მასშტაბით ადგილობრივ კაცებსა და ბიჭებს ხვდებიან და მათ ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის დაუშვებლობაზე ესაუბრებიან.
