სოსო ლაღიძის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „თბილისი – რიტმი“ ტრადიციულად აგრძელებს მსოფლიო დონის მუსიკალური ჟანრის ყოველწლიურ ზეიმს – 2023 წლის 24 და 28 ივნისს, თბილისს აშშ-დან, ინგლისიდან, ბრაზილიიდან და ლუქსემბურგიდან მსოფლიოს წამყვანი მუსიკალური ჯგუფები და მუსიკოსები ეწვევიან.
ბრაზილიური „ბოსა ნოვას“ რიტმებისა და უკვე კლასიკად აღიარებული ამერიკული კინომუსიკის საოცარ შემსრულებელთა გასტროლი ჩვენს დედაქალაქში!
ფესტივალის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ წლევანდელი საფესტივალო პროგრამა გაცილებით მასშტაბურია.
„კალეიდოსკოპურ მრავალფეროვნებას განსაზღვრავს ბრაზილიური „ბოსა ნოვას“ რიტმებისა და კლასიკად აღიარებული ამერიკული კინომუსიკის საოცარ შემსრულებელთა გასტროლი ჩვენს დედაქალაქში.
მიმდინარე წლის 24 ივნისს ფესტივალი გაიხსნება თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში უახლოესი პროექტით – „სიმფონიური ისტვუდის“ პრემიერით, რომელსაც ამერიკელი კონტრაბასისტი და კომპოზიტორი კაილ ისტვუდი უძღვნის თავის მამას, ცნობილ მსახიობს, კინორეჟისორსა და კომპოზიტორს – კლინტ ისტვუდს.
პროგრამაში შესულია კლინტ ისტვუდის მიერ დაწერილი მუსიკა, რომელიც მან სპეციალურად საკუთარი ფილმებისთვის შექმნა.
კაილ ისტვუდი თავის კვინტეტთან ერთად, თბილისის სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის თეატრის 63-წევრიანი ორკესტრის თანხლებით შემოგვთავაზებს მრავალფეროვანი ემოციური მელოდიების ინტერპრეტაციებს კლინტ ისტვუდის რჩეული კინოფილმებიდან.
სიმფონიურ ორკესტრს გრემის პრემიის მფლობელი, ლუქსემბურგელი კომპოზიტორი და დირიჟორი გასტ ვალცინგი უდირიჟორებს. ეს განსაკუთრებული მუსიკალური საღამო გააერთიანებს ორ მიმდინარეობას, კინოსა და მუსიკას, რომლებიც საოცარი ემოციური მუხტისა და ამაღლებული შემოქმედებითი ძალის სინთეზი იქნება არა მხოლოდ მამაშვილური ურთიერთობის გამოსახატავად, არამედ კინომუსიკის მიმართ ამ ორი ხელოვანის უდიდეს გატაცებასაც წარმოაჩენს.
ფესტივალის დახურვის ცერემონია გაიმართება 28 ივნისს კოტე მარჯანიშვილის თეატრში ორი გამორჩეული წარმოდგენით – ქართული პოლიფონიური მუსიკის ცნობილი ანსამბლი „იბერი“ შეასრულებს მრავალხმიან ნაციონალურ სიმღერებს, რომელთა საამური ჰანგები დიდხანს გაჰყვება მსმენელს.
ფესტივალს იმავე საღამოს დახურავს მრავალი ჯილდოს მფლობელი მუსიკოსი, კომპოზიტორი, იმპროვიზატორი ჰამილტონ დე ჰოლანდა და ბრაზილიური ინსტრუმენტული მუსიკის ახალი თაობის ყველაზე მოთხოვნადი მუსიკოსები, პიანისტი სალომაო სოარესი და დრამერი რენატო გალვაო.
ისინი შეასრულებენ უაღრესად პოპულარული ბრაზილიელი კომპოზიტორის, გიტარისტისა და პიანისტის, ანტონიო კარლოს ბრაზილიერო დე ალმეიდა ჟობიმის (ცნობილია, როგორც ტომ ჟობიმი) რჩეულ ნაწარმოებებს მისი ხსოვნის პატივსაცემად. ენობრივი ბარიერების მიუხედავად, ეს მელოდიები ელვის სისწრაფით გავრცელდა მთელ პლანეტაზე და ადამიანებში უდიდესი სიყვარული მოიპოვა.
სოსო ლაღიძის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „თბილისი – რიტმი“ ხელს შეუწყობს ქართულ და უცხოურ კულტურათა ინტეგრაციას, მსოფლიო ხელოვნების მეგაპოლისების გვერდით თბილისის წარმოჩენას და, ზოგადად, საქართველოს პოპულარიზაციას, რასაც უდიდესი როლი ენიჭება როგორც რეგიონული კულტურული იმიჯის განმტკიცების, ასევე ჩვენი ქვეყნის ტურისტული პოტენციალის ამაღლების მხრივ.
ფესტივალი „თბილისი რიტმის“ მიზანი კი უცვლელია – საერთაშორისო და ადგილობრივმა ინოვაციურმა სახელოვნებო პროექტებმა საქართველო დიდი კულტურული სამყაროს მნიშვნელოვანი წევრი გახადოს“, – აცხადებენ საერთაშორისო ფესტივალი „თბილისი – რიტმის“ ორგანიზატორები.