„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ყოფილ გენერალურ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის მიერ მიღებული გადაწყვეტილება „პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას“, პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატი ანა ბუჩუკური ეხმიანება.
ბუჩუკურის თქმით, აღნიშნული განცხადებით ირაკლი კობახიძემ „კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტობაზე თქვა უარი“.
„სამწუხაროდ, ირაკლი კობახიძის მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, რომ, როგორც ჩანს, უკვე მომსახურების ზონიდან არის გასული.
დღეს „ოცნება“ ძალიან არასახარბიელო მდგომარეობაშია და ეს ეტყობა თითოეულ მათგანს, განსაკუთრებით, კობახიძეს, რომელიც სრულად არის მომსახურების ზონიდან გასული და ამ განცხადებით უარი თქვა კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტობაზე.
საბოლოო ჯამში, „ქართული ოცნების“ მდგომარეობა ძალიან დამძიმებული და გასაცოდავებულია, ასე ვიტყოდი. როგორც ჩანს, უარესებს უნდა ველოდოთ“, – თქვა ანა ბუჩუკურმა.
ცნობისათვის, ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს, რომელიც აშშ-მა დაასანქცირა, საქართველოს ბანკებში ანგარიშები გაუყინეს.
ეროვნული ბანკის განმარტებით, ფარცხალაძეს საბანკო აქტივებზე წვდომა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულება შეზღუდული აქვს. სანქცირებულ პირს ეზღუდება როგორც სახსრების განკარგვა, ისე ყველა სახის ფინანსური ოპერაციის განხორციელების შესაძლებლობა.
ეროვნულ ბანკში საერთაშორისო სანქციების შესაბამისად საქართველოს მიერ გატარებულ ღონისძიებებს განმარტავენ და აცხადებენ, რომ ქართული საფინანსო სექტორი მოქმედებს სანქციათა რეჟიმებით გათვალისწინებული მოთხოვნების სრული დაცვით.