10 ოქტომბრის მდგომარეობით, საარჩევნო ადმინისტრაციამ 812 საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგები გადათვალა. აქედან 360 კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე არის გადათვლილი, – ამის შესახებ ცესკო-ს სპიკერმა, ნათია იოსელიანმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული უბნები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით წილისყრით გამოვლინდა.
„ამ მონაცემებით გამოვლინდა, რომ 66,7%-ში არ დაფიქსირდა ცვლილება, ხოლო 121 საარჩევნო უბანზე მცირედით შეიცვალა მონაცემები, რასაც არჩევნების შედეგებზე ზეგავლენა არ მოუხდენია. 257 საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგები კი იმ კრიტერიუმების გათვალისწინებით გადამოწმდა, რომელიც ცესკო-ს თავმჯდომარემ რეკომენდაციის სახით გააცნო საზოგადოებას და საოლქო საარჩევნო კომისიებს.
წარმოგიდგენთ სტატისტიკურ ინფორმაციას სწორედ ამ 257 საუბნო საარჩევნო კომისიის მიხედვით: შედეგების გადათვლის საფუძველზე, 197 უბანზე ცვლილება არ განხორციელებულა, რაც შეეხება 60 საუბნო საარჩევნო კომისიას, მცირე ცვლილება შეეხო ნამდვილ ხმებს და ბათილ ბიულეტენებს. ჯამურად, 60 უბანზე, საარჩევნო სუბიექტებს დააკლდათ 24 ხმა და მოემატათ 53 ხმა. მერობის კანდიდატებს დააკლდათ 5, ხოლო მოემატათ 41 ხმა. მაჟორიტარ კანდიდატებს დააკლდათ 13, ხოლო მოემატათ 82 ხმა. ამ მონაცემებს არსებულ შედეგზე გავლენა არ მოუხდენია“, – განაცხადა იოსელიანმა.
როგორც მან აღნიშნა, 9 ოქტომბერს ცესკო-ს თავმჯდომარის რეკომენდაციით, საოლქო საარჩევნო კომისიებმა 257 საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგები გადათვალეს.
„უმეტესწილად მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სადამკვირვებლო მისიებს წარმოდგენილი ჰქონდათ საჩივრები გადათვლის მოთხოვნით ან ისეთი საუბნო საარჩევნო კომისიის მონაცემები, სადაც დიდი რაოდენობით ფიქსირდებოდა ბათილი ბიულეტენები. მაშინ, როცა საოლქო საარჩევნო კომისიებმა მიიღეს რეკომენდაციის საფუძველზე კონკრეტული საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგების გადათვლის თაობაზე გადაწყვეტილება, სწორედ ზემოთ ხსენებული კრიტერიუმებით ხელმძღვანელობდნენ.
ამიტომ, დღეს გავრცელებული ინფორმაციით, თითქოს ცესკო-ს მითითებით, გადათვლილია უბნების შედეგები, სადაც მცირე რაოდენობით ფიქსირდებოდა ბათილი ბიულეტენები, არასწორია. საარჩევნო ბიულეტენების ხელახლა გადათვლის პროცესის შესახებ ეცნობა საარჩევნო სუბიექტებისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს წარმომადგენლებს, რომლებიც ესწრებოდნენ საარჩევნო ბიულეტენების დათვლას. აქედან გამომდინარე, მათ ჰქონდათ საშუალება დასწრებოდნენ და დაკვირვებოდნენ გადათვლის პროცესს“, – განაცხადა ცესკოს-ს სპიკერმა.
როგორც მან აღნიშნა, რამდენიმე საარჩევნო ოლქში ქვორუმი არ შედგა.
„ეს იმიტომ მოხდა, რომ კომისიის სრული შემადგენლობა არ იყო გამოცხადებული, ხოლო რიგ შემთხვევებში პარტიების მიერ დანიშნული კომისიის წევრებმა მხარი არ დაუჭირეს გადათვლის საკითხს, რის გამოც ვერ განხორციელდა საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგების გადათვლა.
და ბოლოს – როგორც საქალაქო, ისე რაიონულ სასამართლოებში მიმდინარეობს უფლებამოსილი პირების მიერ წარდგენილი საჩივრების განხილვა და საარჩევნო ადმინისტრაცია იმოქმედებს სასამართლოს გადაწყვეტილებების შესაბამისად“, – განაცხადა ნათია იოსელიანმა.