იმას, რომ სოსო ოსორაული გარდაცვლილია, მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტრო მეუბნება, აღნიშნულს სხვა არავინ მიდასტურებს, – ამის შესახებ კონგოში დატყვევებული მფრინავის, სოსო ოსორაულის ძმამ, გიორგი ოსორაულმა დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
გიორგი ოსორაულის თქმით, მან საკუთარი ძმის სავარაუდო ადგილსამყოფელი იცის, თუმცა აღნიშნულ ინფორმაციას ვერ გაასაჯაროებს.
”მე ბევრ თემაზე არ შემიძლია ხმამაღლა საუბარი, თუმცა ის ვიცი, რომ სოსო ოსორაული ცოცხალია. მიზანი მაქვს, რომ ჩავიდე აფრიკაში და შევხვდე იმ პირებს, ვინც ინფორმაციას მაწვდის. მე ვიცი სავარაუდო ადგილსამყოფელი, თუმცა ამას ვერ გავასაჯაროებ”, – განაცხადა გიორგი ოსორაულმა.
მისივე თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ის უშუალოდ ესაუბრა მის დაკარგულ ძმას, სიმართლეს არ შეესაბამება. გიორგი ოსორაული აღნიშნავს, რომ საკუთარ ძმასთან კონტაქტი მას შემდეგ აღარ აქვს, რაც საქმეში საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩაერთო.
როგორც გიორგი ოსორაულმა აღნიშნა, აფრიკაში ჩასვლას აპირებს, რათა იმ პირებთან გავიდეს უშუალო კონტაქტზე, რომლებიც სოსო ოსორაულის შესახებ ინფორმაციას აწვდიან.
ამასთან, გიორგი ოსორაული საქართველოს პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებას უნდობლობას უცხადებს და აღნიშნავს, რომ მისთვის გაუგებარია, ამ დრომდე რატომ არ მოხდა მისი ოჯახისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება.
სოსო ოსორაული 2017 წლის 27 იანვარს კონგოს რესპუბლიკაში დაატყვევეს.
