LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი მეუღლე ყველაფერში მხარში მიდგას, აგერ უკვე 18 წელია, ერთად ვართ…“ – სალომე შარვაძე სტუმრად „ვიზიტორში“

1669
სალომე-შარვაძე

რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარია მსახიობი და ტელეწამყვანი, სალომე შარვაძე, რომელმაც ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა

როგორ მოხდა, რომ თან მსახიობი ხარ და თან – ფარმაცევტი?

ჩემი პირველი პროფესია ფარმაცევტობაა, ბებო მყავდა პროვიზორი, სულ მახსოვს ჩვენს კართან მოსული ადამიანები, რომლებსაც პრეპარატები სჭირდებოდათ და ბებო სულ შოულობდა მათთვის წამლებს. რომ გავიზარდე, ოჯახმა მთხოვა, ჩამებარებინა სამედიცინოზე და ჩავაბარე. პარალელურად დავდიოდი სტუდია „ბერიკებში“. შემდეგ კი მივხვდი, რომ ძალიან დამწყდებოდა გული, რომ არ მეცადა. მივხვდი, რომ თუ არ ხარ ბედნიერი საკუთარი პროფესიით, ის უნდა სცადო, რაც გაგაბედნიერებს. მოკლედ, შევიტანე საბუთები თეატრალურ უნივერსიტეტში და სტიპენდიატიც ვიყავი. ძალიან მიყვარდა თეატრი და სცენა. შემდეგ დავოჯახდი, ჩემი მეუღლე ყველაფერში მხარში მიდგას, აგერ უკვე 18 წელია, ერთად ვართ.

სალომე და სერიალები

იყო სერიალი „საპონი“, რომელიც „იმედზე“ გადიოდა, ასევე „გოგოები და ბიჭები“ და „ჩემი ცოლის დაქალები“.

მართას დაბადებამ დამავიწყა ყველაფერი. 22 წლის ვიყავი, ძალიან პატარა, მე და მართა ფაქტობრივად ერთად გავიზარდეთ.

ყოველთვის მინდოდა ჩემი საქმე მქონოდა, არ ვყოფილიყავი მეუღლეზე დამოკიდებული, ამიტომაც მალე დავუბრუნდი აქტიურ ცხოვრებას. ყოველთვის ვცდილობ, რომ განვვითარდე და ვაკეთო მეტი.

გარკვეული ჯანმრთელობის პრობლემები გქონდა…

იყო რთული ტრავმა, რომელიც მეგობრების დახმარებით დავძლიე. ფეხი მოვიტეხე, თურქეთში გავიკეთე ოპერაცია, რთული დღეები გავიარე.

მართაზე გვესაუბრე…

მე დღეს ვარ მართა არველაძის დედა, ისე მომწონს ეს… არ მიყვარს ხმამაღლა ჩემს შვილზე საუბარი, თუმცა ასეა, ვამაყობ. ის ბავშვობაში ცელქი და აქტიური იყო, შემდეგ შეიცვალა. მართა უკვე სკოლის პრეზიდენტია. მან დააარსა კერძო სკოლების პრეზიდენტთა ასოციაცია აკეთებენ უამრავ ღონისძიებას, რაც ჩემთვის ძალიან საამაყოა. მან გაეროში, ვაშინგტონში აიღო საპატიო დელეგატის წოდება.

შენ გყავდა მხატვარი ბაბუა, მიხეილ ვარდიშვილი, ის ძალიან წარმატებული მხატვარი იყო და მისი გამოფენები ტარდებოდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით…

ჩვენს ცხოვრებაში მუდამ იყვნენ ხელოვანი ადამიანები, ბებიაც, მამას დედა, რომელიც ჯაზს უკრავდა. ბაბუას რაც შეეხება, პერსონალური გამოფენა ჰქონდა არაერთი „ეროვნულ გალერეაში“ და ახლა ვგეგმავთ ძალიან დიდ გამოფენას. მას საოცარი ნამუშევრები აქვს, ისეთი, რომლებიც გულგრილს ვერავის დატოვებს. დოკუმენტური ფილმიც გადავიღეთ ერთი წლის წინ, მაგრამ ახლა ყველაფერი გასაახლებელია და მე უკვე დავიწყე ამაზე მუშაობა. მალე დაგიბრუნდებით სიახლეებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები