მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე ამბობს, რომ ბუბა კიკაბიძეს ქართულმა საზოგადოებამ ეპოქალური გაცილება მოუწყო.
მან „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძეზე ისაუბრა.
„მადლობა“ – ბუბა კიკაბიძეს საზოგადოება მქუხარე ტაშით გამოემშვიდობა
„ბედნიერი ადამიანი ვარ, რომ ჩემს ცხოვრებაში ასეთი ადამიანი იყო. ის ძალიან კარგი მეგობარი, დიდი პიროვნება იყო ჩემთვის, მის ფილმებზე გავიზარდე.
მან არა მარტო სიმღერა და მსახიობობა მასწავლა, არამედ კაცობაც. პირველ რიგში ის იყო კარგი ვაჟკაცი, რომელსაც ძალიან უყვარდა სამშობლო.
ბუბა განუმეორებელი იყო და ეს აისახა მის გაცილებაზე. ჩემს ცხოვრებაში ასეთი გაცილება არ მინახავს, როგორი სიყვარულითაც ქართველმა ხალხმა გავაცილეთ ბუბა კიკაბიძე, ეს იყო ნამდვილად ეპოქალური გაცილება.
ქვეყანამ დაკარგა მისი ერის საუკეთესო შვილი, საზოგადო მოღვაწე, დიდი ქველმოქმედი“, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
მომღერალი, კინომსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე დღეს ვერის სასაფლაოზე ოჯახის წევრების გვერდით დაკრძალეს.
ვახტანგ კიკაბიძე თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზიდან გამოასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი და გამოსამშვიდობებელი ცერემონია გაიმართა.
ხელოვანის ხსოვნას პატივი მიაგეს და ოჯახის წევრებსა და ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადეს მოქალაქეებმა, პოლიტიკოსებმა, მსახიობებმა, მომღერლებმა, სპორტსმენებმა და საზოგადოების სხვა წევრებმა.
ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე 84 წლის ასაკში 15 იანვარს გარდაიცვალა.
ამავე თემაზე:
ნიკოლოზ რაჭველი: „მომენატრები, ჩემო ძვირფასო ბუბა, გამორჩეულო გულშემატკივარო და მეგობარო!..“