LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემთან არანაირი შეტყობინება არ მოსულა სანქციასთან დაკავშირებით და ამ ეტაპზე არც ამერიკაში მოგზაურობის სურვილი მაქვს“ – კახა კალაძე

125
კახა კალაძე

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოს 20 მოქალაქისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესებას ეხმაურება და აცხადებს, რომ „ქართველი ხალხი არ იმსახურებს ამ ყველაფერს“.

„რაც შეეხება ფინანსურ სანქციებს, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არსებული ადმინისტრაცია, რომელსაც სულ რაღაც ერთი თვე დარჩა, ურთიერთობების დაზიანებას ცდილობს. ყველაზე მძიმე არის ის, რომ მათი განცხადებები გაჯერებულია სიცრუით, თვალებში ნაცრის შეყრის მცდელობით. ჩვენ ამ ბატონყმურ დამოკიდებულებას კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით. ქართველი ხალხი არ იმსახურებს ამ ყველაფერს“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

ჟურნალისტების კითხვაზე, პირადად არის თუ არა აშშ-ის მხრიდან სანქცირებულთა სიაში, კახა კალაძემ განაცხადა:

„ჩემთან არანაირი შეტყობინება არ მოსულა სანქციასთან დაკავშირებით. მე პირადად ამ ეტაპზე არანაირი სურვილი არ მაქვს ამერიკაში მოგზაურობის და სადმე წასვლის“.

შალვა პაპუაშვილი აშშ-ის სანქციებზე: „ამ ადმინისტრაციამ არჩევნები წააგო და ამის მიუხედავად, ამერიკელი ხალხის სახელით ურთიერთობას აფუჭებენ მნიშვნელოვან პარტნიორთან, როგორიც არის საქართველო – წარმავალი ადმინისტრაციის პოზიცია გაუგებარი და აზრს მოკლებულია“

თბილისის მერის თქმით, აშშ-ის არსებული ადმინისტრაცია ცდილობს, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები გააუარესოს და ჩიხში შეიყვანოს, თუმცა, იმედოვნებს, რომ ახალი ადმინისტრაცია ურთიერთობებს გადატვირთავს.

„არ ვიცი უკვე მერამდენედ ხდება ამ ტიპის სანქციების გამოცხადება. ფაქტი ერთია, რომ არსებული ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებს, რათა გააუარესოს ურთიერთობები და ჩიხში შეიყვანოს. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, მომავალი ადმინისტრაცია გააკეთებს ყველაფერს, რომ ურთიერთობები გადაიტვირთოს, გაჯანსაღდეს. ასეთი განცხადებები, რომელიც ტყუილზეა დაფუძნებული დიდ ზიანს აყენებს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს. იგივე ხდება ევროპარლამენტარების მხრიდანაც. ხალხი რეალობას ხედავს, რა ხდება ქვეყანაში, რა პროცესები მიდის. თუნდაც, როდესაც ევროპიდან თეთრზე გვეუბნებიან რომ შავია, ეს მოცემულობად უნდა მიიღო, რაც აზიანებს და ძალიან დიდ დისკრედიტაციას უწევს ევროკავშირს, ევროპას და იმ კონკრეტულ მაღალჩინოსნებს, ვინც ამ ტიპის განცხადებებს აკეთებენ.

ჩვენ მზად ვართ მეგობრობისთვის, პარტნიორობისთვის და არაერთხელ დაგვიმტკიცებია არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ კონკრეტული გადადგმული ნაბიჯებით, რომ საქართველო არის სანდო პარტნიორი. ჩვენ ვიცით მეგობრობაც, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა იყოს ორმხრივი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს 20 მოქალაქეს, მათ შორის მინისტრებს, პარლამენტარებს, სამართალდამცავი და უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g