ჩინეთში, იუნანის პროვინციაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრი შეუძლოდ გახდა და მოგვიანებით გარდაიცვალა. მას ჰანტავირუსი დაუდგინდა. ავტობუსის დანარჩენი 32 მგზავრი კარანტინში გადაიყვანეს და ტესტირება ჩაუტარდა. ამის შესახებ The New York Post წერს.
ჰანტავირუსით დაინფიცირება ხშირად ლეტალურად სრულდება და კორონავირუსის მსგავსი სიმპტომები ახასიათებს.
ფაქტს სოციალურ მედიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გაჩნდა ჰეშთეგი #hantavirus. ჩინეთში ჰანტავირუსით გარდაცვალების ფაქტს პანიკა მოჰყვა მთელს მსოფლიოში და ჩვენთან, საქართველოშიც. ეს არცაა გასაკვირი. ბოლო დროს თითქმის ყველა მომაკვდინებელი ვირუსი გავრცელებას რატომღაც ჩინეთიდან იწყებს.
თუმცა მეცნიერებმა მალევე განმარტეს, რომ ვირუსი ადამიანიდან ადამიანს იშვიათად გადაეცემა და პირველად კორეის ომის დროს (1950-53 წწ) დააფიქსირეს. მისი მთავარი გამავრცელებლები ვირთხები იყვნენ. დაავადება გაეროს კონტიგენტის 3 ათასამდე სამხედრო მოსამსახურეს შეეხო. ვირუსის სახელწოდება კორეაში მდებარე მდინარე ჰანტასგან მოდის.
იმ პერიოდისთვის მედიცინის დონე არ იძლეოდა საშუალებას ბოლომდე მოეხდინათ ვირუსის იდენფიცირება.
„თუ თქვენ ვირთხის ხორცის ჭამა არ გადაგიწყვეტიათ, არ უნდა შეგეშინდეთ, რომ ჰანტავირუსით დაავადდებით“, – აცხადებენ მედიკოსები.
თუმცა, რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ. ჰანტავირუსი არის ინფექციური დაავადება, რომელიც ხასიათდება გრიპის მსგავსი სიმპტომებით და შეიძლება სწრაფად გამოიწვიოს სიცოცხლისთვის საშიში სუნთქვის პრობლემები. მას ასევე ახასიათებს თავის ტკივილი, ხველა, სისუსტე, ღებინება.
ჰანტავირუსისგან მკურნალობა ან ვაქცინა არ არსებობს.
თუმცა, ჩინელი მამაკაცის გარდაცვალების შემდეგ, ბევრი ცნობილი მედიკოსი არწმუნებ საზოგადოებას, რომ საუბარი არ არის კორონავირუს ნომერ 2-ზე.
“ეს ისტერიაა, – განაცხადა კანადელმა ინფექციონისტმა სტეფანი სმიტმა, – ჰანტავირუსი დიდი ხანია არსებობს”.
ვირუსები გადააქვთ მღრნელებს, განსაკუთრებით ვირთხას. დაინფიცირების ძირითადი გზაა მღრნელების შარდითა და განავლით ჰაერში მოხვედრილი ჰანტავირუსების ჩასუნთქვა.
აშშ-ში ადამიანებს შორის ჰანტავირუსის გადადების შემთხვევა არ არის დაფიქსირებული – წერს “ნიუ იორკ პოსტი”. გამოცემა ამერიკის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციაზე დაყრდნობით იმასაც აღნიშნავს, რომ წარსულში ჩილესა და არგენტინაში ჰანტავირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა.