27 აპრილს, 85 წლის ასაკში მსახიობი კახი კავსაძე გარდაიცვალა.
კახი კავსაძე ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა. ის მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
ამავე დროს კლინიკაში, კორონავირუსის დიაგნოზით მკურნალობდა ენათმეცნიერი მარინე ბერიძე, რომელიც სოციალურ ქსელში კახი კავსაძესთან ერთად გატარებულ დღეებს იხსენებს.
“ბატონო კახი! ასე მგონია, რეანიმაციაში კი არა, დედის მუცელში ვიყავით ერთად. სიკვდილ-სიცოცხლის დიდმა საიდუმლომ გაგავაერთიანა. თქვენ ჩემზე ადრე წახვედით საავადმყოფოდან. მე თქვენზე გვიან წამოვალ აქედან. თუმცა იქ ყოფნის გაყინულ დღეებს ვერავინ წაგვართმევს და იმ საიდუმლოსაც, ერთ დღეს უჩვეულოდ მკაფიოდ რომ “გამანდეთ”, თან წამოვიღებ….
ოდესმე თუ შევძელი და დავწერე იმ ჯოჯოხეთზე, იმ რამდენიმე ეპიზოდსაც გავიხსენებ, თქვენგან სევდიან სიხარულებად რომ დამრჩა.რისთვის უნდოდა უფალს ეს შეხვედრა – არტისტისა და მაყურებლის მონაწილეობით გამართული ეს ბოლო სპექტაკლი, რეანიმაციის რამპების შუქზე და “საპიორი” აპარატურის აკომპანიმენტით…. ჩვენ შორის ერთი ავადმყოფი იწვა.
უფრო სწორად, ერთი საწოლი იდგა, რომელზეც საშინელი სისწრაფით იცვლებოდნენ ავადმყოფები. და ჩვენ, ცოცხლები, როლდავიწყებული არტისტებივით შევყურებდით ერთმანეთს და ჩვენს რიგს ველოდით…… ნათელში იყავით!” – წერს მარინე ბერიძე.