LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენ ვხედავთ, რომ დღესაც გრძელდება წინააღმდეგობა ღვთის მიმართ – მეუფე შიო

148
unnamed

საქართველოს პატრიარქის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) საკვირაო წირვა-ლოცვისას ქადაგებისას ღვთის სიყვარულზე ისაუბრა.

“თქვენ გახსოვთ იგავი უძღებ შვილზე, როცა ბრუნდება უძღები შვილი – რაც არ უნდა ცოდვილი იყოს ადამიანი, ამიერიდგან ღვთისთვის ის არის შვილი და მზად არის, მიიღოს, ჩაიხუტოს იგი, მიუხედავად მისი დიდი დაცემულობისა, თუკი ადამიანი მოინანიებს და დაბრუნდება”,-განაცხადა მეუფე შიომ.

Მისი სიტყვებით დიდებული მოვლენა, ქრისტეს შობა ბევრ რამეზე გვაფიქრებს.

“ამ დიდებულ მოვლენას – შობას უფლისა – იმის მაგივრად, რომ მოჰყოლოდა მობრუნება ერისა და იმჟამინდელი საზოგადოებისა, მოჰყვა დევნა, ტანჯვა და განსაცდელები უფალ იესო ქრისტეს დაბადების პირველივე დღიდან…

ჩვენ ვხედავთ, რომ დღესაც გრძელდება წინააღმდეგობა ღვთის მიმართ. საუკუნეების განმავლობაში ასე იყო და დღესაც ასეა. ძირითადად, ამბობენ, რომ იესო ქრისტეს სწავლება – ეს არის ჩვეულებრივი ადამიანური სწავლება, ერთ-ერთი სწავლებათაგანი, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, შეგვიძლია სხვა აზრი გვქონდეს, შეგვიძლია, მივიღოთ ან არ მივიღოთ, ადამიანი თავისუფალია და ისე წარმოაჩენენ ამას, როგორც ადამიანურ სწავლებას. ძირითადად, აქამდე დადის ხოლმე ადამიანთა წინააღმდეგობა..

ჩვენ რომ წარმოვიდგინოთ, რა ძალები უპირისპირდებიან ეკლესიას მთელი საუკუნეების განმავლობაში – ეს არის საშინელი ადამიანური ძალები და, რა თქმა უნდა, ამ ძალების უკან დგას დემონური ძალები

ჩვენ განსაკუთრებით გვახსოვს ყოფილი საბჭოთა კავშირის პერიოდი. ასეთი დევნა მგონი არც ერთ ეპოქაში არ ყოფილა ეკლესიის წინააღმდეგ; მიზნად იყო დასახული სრულიად აღგვა პირისაგან მიწისა ეკლესიისა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ვერც ერთმა ამ იმპერიამ და იდეოლოგიამ ამას ვერ მიაღწია. ის ყველაფერი – მათი სწავლებაც, მათ იდეოლოგიაც – დღეს დავიწყებას არის მიცემული, ქრისტეს სიტყვა კი დღეს ჟღერს მთელ მსოფლიოში, ის ეხება ადამიანთა გულებს საოცრად და რაც მთავარია, ის ცვლის ადამიანს. აი, ეს არის მთავარი.

თუ ჩვენ ასე მივიღებთ ქრისტეს სიტყვებს, დავიმარხავთ ჩვენს გულებში, მივიღებთ, როგორც ღმერთის სიტყვებს და, ამასთანავე, შევიგრძნობთ, რომ ეს არის ღვთაებრივი სწავლება, ამისათვის, რა თქმა უნდა, აუცილებელია, ვიცხოვროთ ამით;

მარტო თეორიულად ადამიანს ვერ დაარწმუნებ, შენს თავსაც ვერ დაარწმუნებ, რომ ეს მოდის ღვთისგან. მაშინ მოდის ეს დიდი სულიერი გამოცდილება, რომელსაც შეუძლია გადალახოს ყოველგვარი ადამიანური წინააღმდეგობა, განსაცდელი, მაშინ შემოდის ეს საოცარი დასტური და ღვთაებრივი სიხარული, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ დავძლიოთ განსაცდელიც, მწუხარებაც და შევიგრძნოთ ღთვის სიყვარული.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ.

გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის დალოცვას, ლოცვა-კურთხევას

ღმერთმა ინებოს, შევიგრძნოთ, რომ სიტყვა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი – ეს არის ღმერთის სიტყვა და ვიცხოვროთ ამით. თუ ეს ასე მოხდება, მაშინ ჩვენ არა მარტო მარადისობისკენ გაგვეხსნება კარი და გზა მარადიული სიცოცხლისთვის, არამედ აქვე, მიწიურ ცხოვრებაშიც მოგვეცემა საშუალება, რომ ჩვენს გულებში ცათა სასუფეველი დამკვიდრდეს უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომლისა არს დიდება, პატივი და თაყვანისცემა უკუნით უკუნისამდე, ამინ!“,-აღნიშნა მეუფე შიომ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები