„საქართველოში სააკაშვილთან მიმართებით მართლმსაჯულება განხორციელდა ევროპული სტანდარტების სრული დაცვით“ – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ბრეგაძემ განაცხადა, სტრასბურგის სასამართლომ სრულად გაიზიარა საქართველოს მთავრობის პოზიცია და ბრალდება, თითქოს, სააკაშვილის მიმართ პოლიტიკური დევნა განხორციელდა, იმდენად დაუსაბუთებლად ჩათვალა, რომ დაუშვებლად გამოაცხადა და არსებითად განხილვის აუცილებლობაც კი ვერ დაინახა.
როგორც მინისრმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საუბრისას აღნიშნა, მრავალმინიონიანი კამპანია წარმოებდა ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელიც „მიმართული იყო მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის უკანონო გათავისუფლებისკენ, რომელიც, ასევე, მართული იყო ქვეყნის გარედან“:
„ჩვენ ყველანი ვიყავით მომსწრე იმ მრავალმინიონიანი კამპანიისა, რომელიც წარმოებდა ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ და რომელიც მიმართული იყო მსჯავრდებულ სააკაშვილის უკანონო გათავისუფლებისკენ, რომელიც, ასევე, მართული იყო ქვეყნის გარედან. საბოლოო ჯამში, დღევანდელ დღეს ყველამ დაინახა, რომ ჩვენ რაზეც ვსაუბრობდით, რომ სიმართლე იყო ქართული სახელმწიფოს მხარეს, ვფიქრობ, ამაში ყველა ერთხმად დარწმუნდა. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ჩვენს ყველა იმ თანამშრომელს, რომელიც მიუხედავად ძალიან დიდი ზეწოლისა იმ პერიოდში, თავის საქმიანობას ახორციელებდა პირნათლად და პატიონსად საკუთარი სახელმწიფოს წინაშე“ – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
მისივე თქმით, ევროპულმა სასამართლომ ასევე გაიზიარა მთავრობის პოზიცია, რომ პრეზიდენტის შეწყალების უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურ დისკრეციას და მისი ბოროტად გამოყენება, შესაძლოა, სისხლის სამართლებრივად დასჯადი იყოს.
მინისტრის თქმით, სტრასბურგის სასამართლომ არ მიიღო განსახილველად მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთი პრეტენზია, თითქოს მის მიმართ პოლიტიკური დევნა განხორციელდა.
„რაც შეეხება სააკაშვილის პრეტენზიებს, თითქოს მის მიმართ პოლიტიკური დევნა განხორციელდა. სტრასბურგის სასამართლომ სრულად გაიზიარა საქართველოს მთავრობის პოზიცია და ეს იმდენად დაუსაბუთებლად ჩათვალა, რომ დაუშვებლად გამოაცხადა და არსებითად განხილვის აუცილებლობაც კი ვერ დაინახა“ – განაცხადა ბრეგაძემ.
ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება დღეს გამოაქვეყნა.
სტრასბურგის სასამართლომ „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ საქმეზე“ დაადგინა, რომ ყოფილი პრეზიდენტის მიმართ არცერთი მუხლი არ დარღვეულა.