LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენი ქვეყანა წარმოადგენს გლობალურ მოთამაშეს საზღვაო მიმართულებით”

94

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია დღეს, საქართველოში ვიზიტით მყოფ უმსხვილესი საგანმანათლებლო ფონდის NIPPON-ის თავმჯდომარეს, იოჰეი სასაკავას შეხვდა. მხარეებმა ფონდსა და საქართველოს შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსექტივები განიხილეს.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, იაპონური ფონდი მსოფლიოს მასშტაბით 100-ზე მეტ ქვეყანასთან ძირითადად საზღვაო და სატრანსპორტო სფეროში თანამშრომლობს და 20-ზე მეტ პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გიორგი ჩერქეზიშვილმა განაცხადა, საქართველოს მიეცემა შესაძლებლობა ითანამშრომლოს მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ საგანმანთლებლო ორგანიზაციასთან.

„ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია ეს ვიზიტი. NIPPON-ის ფონდი გახლავთ საზღვაო სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანიზაცია, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით, ბევრ პროგრამას ახორციელებს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პროგრამების ფარგლებში, 10 ქართველს კვალიფიკაციის გადამზადების შესაძლებლობა მიეცა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ დოქტორ სასაკავასთან და ნიპონის ფონდთან გავაღრმავებთ ურთიერთობას და საქართველოშიც ჩამოყალიბდება ტრენინგ-ცენტრი, რომელიც მთელ რეგიონს და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს მოემსახურება”, -აღნიშნა გიორგი ჩერქეზიშვილმა.

იოჰეი სასაკავას ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და ფონდი NIPPON-ის ერთობლივი ორგანიზებით სასტუმრო Radisson Blu Iveria-ში გაიმართა ფონდის შავი და კასპიის ზღვის რეგიონის 4 სასტიპენდიო პროგრამის სტიპენდიანტთა კონფერენცია.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს თავმჯდომარის, მამუკა ახალაძის ინფორმაციით, NIPPON-ის ფონდის თავმჯდომარის საქართველოთი დაინტერესება მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისათვის. 

„იოჰეი სასაკავას ჩამოსვლა საქართველოში ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყანა წარმოადგენს გლობალურ მოთამაშეს საზღვაო მიმართულებით და ჩვენ წარმოვადგენთ საინტერესო ქვეყანას ფონდისთვის და ზოგადად იაპონიისთვის. აღნიშნული ფონდი უკვე ათეული წლების განმავლობაში აფინანსებს სტიპენდიანტებს, რომლებიც სწავლობენ უმაღლესი დონის საერთაშორისო უნივერსიტეტებში. მისი კურსდამთავრებულები ძირითად მოღვაწეობენ არაერთი განითარებული ქვეყნის სახელმწიფო სტრუქტურებში. აქ საუბარია საზღვაო სამართალზე, ზოგადად საზღვაო მმართველობაზე, საზღვაო ტექნოლოგიებზე, ნავსადგურებისა და ნავიგაციების უსაფრთხოებაზე, გარემოს დაცვაზე და ა.შ. ეს მიმართულებები ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი მიზანია, საქართველო ჩამოყალიბდეს საერთაშორისო დონის განვითარებულ საზღვაო ქვეყანად“, – აცხადებს მამუკა ახალაძე.

საქართველოს რამდენიმე მოქალაქემ უკვე ისარგებლა NIPPON-ის ფონდის პროგრამით და მიეცა სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა საზღვაო სფეროს ისეთ წამყვან დაწესებულებებში, როგორიცაა: საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის საერთაშორისო საზღვაო სამართლის ინსტიტუტი (IMLI), მსოფლიო საზღვაო უნივერსიტეტი (WMU), გაეროს ოკეანეებისა და საზღვაო სამართლის პროგრამა (UN DOALOS) და საერთაშორისო საზღვაო ტრიბუნალი (ITLOS).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g