„საქართველოს პრეზიდენტის რანგში ეს არის ჩემი პირველი საგარეო ვიზიტი, რაც ხაზს უსვამს საქართველო-აზერბაიჯანს შორის არსებულ სტრატეგიულ და განსაკუთრებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობას. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ პოზიციის დაკავებიდან მალევე შემდგარიყო ეს ვიზიტი აზერბაიჯანში“, – ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ყაველაშვილის თქმით, მეგობრობა ეფუძნება ურთიერთპატივისცემასა და ერთმანეთის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებას.
„ჩვენ ხალხებს შორის საუკუნეების განმავლობაში გამორჩეული მეგობრობა ჩამოყალიბდა, ეს ქმნის მყარ საფუძველს მომავალში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებისთვის. ეროვნული იდენტობის შენარჩუნება, ტრადიციების, კულტურისა და ჩვენი ისტორიის პატივისცემა არის ის ძირითადი პრინციპები, რასაც ჩვენი ხალხები განსაკუთრებით უფრთხილდებიან. ჩვენი მეგობრობა ეფუძნება ურთიერთპატივისცემასა და ერთმანეთის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებას. კარგად გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ნდობა ურთიერთობაში და ვიცით სიტყვის ფასი. ჩვენ გვაქვს დაუწერელ კანონთა და ღირებულებათა ერთობლიობა, რამაც გადაგვარჩინა და მოგვიყვანა დღემდე“,- აღნიშნა ყაველაშვილმა.
ამასთან, აღნიშნა, რომ რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ გამოწვევებთან ეფექტიანად გასამკლავებლად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მჭიდრო თანამშრომლობა ყველა მიმართულებით.
„ჩვენ ვახორციელებთ არაერთ საერთო, ურთიერთსასარგებლო პროექტს, რაც კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის ჩვენს რეგიონს მთელი მსოფლიოსთვის. იმისთვის, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონი იყოს კიდევ უფრო კონკურენტუნარიანი, სანდო და პერსპექტიული, მნიშვნელოვანია ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა. მსურს, ხაზგასმით აღვნიშნო – საქართველო და აზერბაიჯანი მტკიცედ უჭერენ მხარს ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, აღნიშნულისთვის ბატონ პრეზიდენტს კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო. საქართველო ყოველთვის იყო აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მყარი მხარდამჭერი“, – განაცხადა ყაველაშვილმა.
ყაველაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში „საქართველო და აზერბაიჯანი არაერთხელ გახდა გარე ძალების მხრიდან ორმაგი სტანდარტისა და შიდა საქმეებში ჩარევის ობიექტი.“
„სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ჩვენი ქვეყნები არაერთხელ გახდნენ გარე ძალების მხრიდან ორმაგი სტანდარტისა და შიდა საქმეებში ჩარევის ობიექტები. არაერთი მცდელობის მიუხედავად, ჩვენ მტკიცედ ვუმკლავდებით აღნიშნულ საფრთხეებს, უზრუნველვყოფთ რეგიონში უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. შეუძლებელია, ჩვენზე უკეთ რომელიმე მესამე ქვეყანამ, ან ორგანიზაციამ იცოდეს, თუ რა არის საუკეთესო ჩვენი ხალხებისთვის“, – განაცხადა ყაველაშვილმა ალიევთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ამასთან, ყაველაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო მიესალმება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების ყველა პუნქტის ირგვლივ მოლაპარაკებების პროცესის დასრულებას.
„ეს უდავოდ, წინ გადადგმული ნაბიჯია რეგიონის პოტენციალისა და შესაძლებლობების წარმოსაჩენად და გამოსაყენებლად.
ვიმედოვნებთ, ახლო მომავალში ხელი მოეწერება ისტორიულ ხელშეკრულებას, რაც უმნიშვნელოვანესი იმპულსი იქნება რეგიონში გრძელვადიანი და მდგრადი მშვიდობის უზრუნველსაყოფად.
კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა საქართველოს მხრიდან გაცხადებულ სამშვიდობო პოლიტიკას და მზაობას, ჩვენი წვლილი შევიტანოთ, რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფაში.
მსურს დაგარწმუნოთ, რომ საქართველო მუდამ იყო სამხრეთ კავკასიაში დიალოგის, დიპლომატიისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების მომხრე და ეს კურსი მომავალშიც შენარჩუნდება. ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულმა განსაკუთრებულმა, ხანგრძლივმა მეგობრობამ და საერთო გონივრულმა პოლიტიკამ მოგვცა შესაძლებლობა ჩვენი რეგიონის როლი სწორად განგვესაზღვრა. დარწმუნებული ვარ, ჩვენი საერთო მომავალი მოიცავს წარმატებულ, ეკონომიკურად ძლიერ და აყვავებულ სამხრეთ კავკასიის რეგიონს, სადაც ჩვენი ხალხები შეძლებენ ბედნიერ თანაცხოვრებას საკუთარი ადათ-წესებით და არა თავს მოხვეული ფსევდო-ლიბერალური ღირებულებებით“, – აღნიშნა ყაველაშვილმა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის რანგში მიხეილ ყაველაშვილის პირველი ვიზიტი აზერბაიჯანში, საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობების მნიშვნელობის მაჩვენებელია.
„პატივცემულო ბატონო პრეზიდენტო, ძვირფასო სტუმრებო, კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ბატონო პრეზიდენტო, აზერბაიჯანში. კეთილი იყოს თქვენი ჩამოსვლა აზერბაიჯანში. კიდევ ერთხელ გილოცავთ საქართველოს პრეზიდენტად არჩევას, გისურვებთ წარმატებებს. მოხარული ვარ, რომ პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩევის შემდეგ, ეს თქვენი პირველი ოფიციალური ვიზიტია აზერბაიჯანში. ჩვენ ამას მაღალ შეფასებას ვაძლევთ აზერბაიჯანში. საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობების მნიშვნელობის მაჩვენებელია ეს, ჩვენი მეგობრობის მაჩვენებელია“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.
მისივე თქმით, ევროპის ენერგოუსაფრთხოებაზე საუბარი წარმოუდგენელია საქართველოს გარეშე.
„საქართველო-აზერბაიჯანს გვაერთიანებს სხვადასხვა პროექტი, რომლებსაც მნიშვნელობა აქვს არა მარტო ჩვენი ქვეყნებისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. ეს არის ნავთობის და გაზის, ტრანსპორტის, კომუნიკაციების პროექტები. დიდი მნიშვნელობის პროექტებია და არა მარტო სამხრეთ კავკასიის, ევრაზიის სატრანსპორტო რუკას ქმნის.
დღეს ჩვენ თუ ვისაუბრებთ ევროპის ენერგოუსაფრთხოებაზე, ეს წარმოუდგენელია საქართველოს გარეშე. აზერბაიჯანი საქართველოს გავლით 12 ქვეყანაში აწვდის თავის ნავთობსა და გაზს. ეს ხდება საქართველოს ტერიტორიის გავლით. სატრანსპორტო კომუნიკაციების სფეროებში გვაქვს პორტების, გზების ინფრასტრუქტურული პროექტები. შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილია ეს ჩვენი პროექტები. დღეს სამხრეთ კავკასიაში თუ ვისაუბრებთ შუა დერეფანზე, ეს აზერბაიჯანსა და საქართველოზე გამავალი კორიდორია და ჩვენი ქვეყნების ტერიტორიებზე გამავალი ტვირთების ოდენობა იზრდება“, – აღნიშნა ილჰამ ალიევმა.