მას შემდეგ, რაც ცნობილმა პლასტიკურმა ქირურგმა, ციცინო შურღაიამ წონასთან დაკავშირებით „ტვ პირველის“ რუბრიკაში „სახლი“ სკანდალური განცხადება გააკეთა, რომელსაც საზოგადოების ნაწილის, მათ შორის მისი კოლეგების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა, გადაცემა „სარკასტიკა“ მას მორიგი კომენტარისთვის დაუკავშირდა.
საუბარია შურღაიას განცხადებაზე, რომლის თანახმადაც „არასოდეს ინტელექტუალური ადამიანი მსუქანი არ ყოფილა იშვიათი გამონაკლისის გარდა“.
„არასოდეს ინტელექტუალური ადამიანი მსუქანი არ ყოფილა იშვიათი გამონაკლისის გარდა… სიგამხდრე არის ჯანმრთელობა“ – როგორ ინარჩუნებს ფორმას ციცინო შურღაია, ცნობილი პლასტიკური ქირურგის რეკომენდაცია
„დაკლება რაში მჭირდება? სიგამხდრე არის ჯანმრთელობა, დააკვირდით ძალიან ღრმა სიბერემდე აღწევს ისეთი ხალხი, როგორიც შენ ხარ (წამყვანს)“
ციცინო შურღაიამ გადაცემის წამყვანის კითხვაზე, ნანობს თუ არა ამ განცხადებას უპასუხა:
„არ ვნანობ, კიდევ ვიმეორებ, არასოდეს ინტელიგენტი ადამიანი მსუქანი არ ყოფილა, ეს არ არის ჩემი სიტყვები, ეს არის ტოლსტოის სიტყვები. ინტელექტუალური ადამიანი და ინტელიგენტი, ერთმანეთისგან განსხვავდება. ინტელექტუალური ადამიანი არის ანალიზატორული ტვინის, რომელიც ვთქვათ დისერტაციებს წერს, მაგრამ სულ არ იყოს ინტელიგენტი“, – ამბობს შურღაია.
გადაცემის წამყვანის კითხვაზე, „ჩემს გარშემო მე ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც მაგალითად არ ჭამენ ბევრს, მაგრამ წონის სხვადასხვა პრობლემები აქვთ“, შურღაიამ თქვა:
„ამ ადამიანებს უნდა ეყოთ ინტელექტი, რომ წავიდნენ ექიმთან და გაარკვიონ, თან უამრავ თანხებთან არც არის დაკავშირებული… არ არის გადაუწყვეტელი პრობლემა სიმსუქნე, არსებობს უამრავი საშუალება…“ – უპასუხა შურღაიამ.
წამყვანის კითხვაზე, ვისაც არ აქვს საშუალება წავიდეს ექიმთან, ჩაიტარონ გამოკვლევები და ასე შემდეგ, შურღაია ამბობს, რომ „ასეთები იქნებიან იშვიათი გამონაკლისები, რომელიც მე ვთქვი“.
„იმის კულტურა უნდა გქონდეს, რომ გაარკვიო ჭარბი წონა რატომ გაქვს, მე თვითონ მიკრო ქირურგი ვარ და ამოღებული მაქვს ათერო-სკლეროზული „ბლიაშკები“ სისხლძარღვთა კედლიდან, რაც ფოლაქებივით ჯდება…“ – ამბობს შურღაია.
კითხვაზე რა ღირს კონსულტაცია, შურღაია ამბობს, რომ მასთან კონსულტაციის ღირებულება 100 ლარია.
წამყვანის რეპლიკაზე, ყველას ხომ არ აქვს 100 ლარის საშუალება, ვისაც წონის პრობლემა აქვს, შურღაიამ უპასუხა:
„როდესაც მოდიან ჩემთან პარალიჩიანი ავადმყოფები, ეს სხვა არის, მაგრამ როდესაც გალამაზება უნდა ადამიანს, ფასიანია კონსულტაცია. როდესაც ავადმყოფია ადამიანი, მე მგონია, რომ სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს. ჩემი პაციენტების უმრავლესობა არ არის ავადმყოფი, მათ გალამაზება უნდათ…“
კითხვაზე, ჭარბი წონის ადამიანები ავადმყოფები არიან თუ არა, შურღაია ამბობს:
„ყველაზე დიდი ავადმყოფობა, რაც არსებობს დღეს, ეს არის ჭარბი წონა, ეს იწვევს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს, დიაბეტს და დიაბეტი იწვევს დიაბეტურ ჭკუასუსტობას, ფეხების მოჭრას, თვალებში დაბრმავებას, ხომ უნდა მიხედონ თავს…
ინტელექტუალური ადამიანი პირველ რიგში დადის ექიმთან და ჯანმრთელობას აკონტროლებს“ – ამბობს შურღაია.
წამყვანის კითხვაზე: რა უნდა გააკეთონ იმ ადამიანებმა, რომლებიც დიდი პროცენტი არიან, სოციალურად დაუცველი ადამიანები, რომლებიც ჭარბ წონას ებრძვიან, შურღაია ამბობს:
„ყოველ შემთხვევაში, შეიძლება არ ჭამოს ხაჭაპური, ნამცხვარი…“ – ამბობს შურღაია
