საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას, რომელიც საზოგადოებას რეფერენდუმის ჩატარებას სთავაზობს, მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ეხმაურება. მისი განცხადებით, „ დაღალეს ხალხი და დაღალეს კალმები ხელმოწერების შეგროვებით“.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ის პრეზიდენტისგან რაიმე რაციონალურს, გონივრულს და ხალხის ინტერესებთან დაკავშირებულ ინიციატივებს აღარ ელის.
პრეზიდენტი საზოგადოებას რეფერენდუმს სთავაზობს
„სალომე ზურაბიშვილისგან ხალხისთვის რაიმე რაციონალური, დაფიქრებული განცხადება და ინიციატივა მოგისმენიათ? პირველი ხომ არაა? უკვე მერამდენე ტალღაა ხელმოწერების შეგროვების. დაღალეს ეს ხალხი და დაღალეს კალმები ხელმოწერების შეგროვებით. არასერიოზულია, 26 ოქტომბერს არის არჩევნები. თუ ვინმეს, რაიმეს იმედი აქვს, გამოვიდეს 26 ოქტომბერს არჩევნებზე და მიიღებს პასუხს ამ ყველაფრისთვის, რაც ამ 2-3 თვის განმავლობაში ქართველმა ხალხმა ნახა. ლამის მთლიანი ოპოზიცია, რომელიც ქართველი პოლიტიკოსები უნდა ყოფილიყვნენ, აღმოჩნდნენ ჩვეულებრივად უცხო ქვეყნის პოლიტიკოსები, რომელიც საქართველოში კბილებით იცავდნენ უცხო ქვეყნების ინტერესს.
მე პირადად რაიმე რაციონალურს, გონივრულს და ხალხის ინტერესებთან დაკავშირებულ ინიციატივებს აღარ ველი. ესეც არის კიდევ ერთი სპეკულაცია, რომელიც, როგორც ჩანს, სპონტანური წარმოშობილი აზრია და ფიქრისთვის ზედმეტი დრო დახარჯული არაა“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ და სალომე ზურაბიშვილის მიერ ვეტოდადებულ პროექტს მხარი 84 ხმით დაუჭირეს.