დაღუპულები, ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი მოსახლეობა და გაუქმებული რეისები – აშშ „დიდ გამყინვარებას“ ებრძვის.
ქვეყნის რამდენიმე შტატში ძლიერი ზამთრის შტორმი პიკს აღწევს. ტეხასიდან ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით, 2000 კილომეტრზე მეტ ტერიტორიაზე, ინტენსიურ თოვლსა და ყინვას ელოდებიან.
მედიის ინფორმაციით, ძლიერი ყინვის შედეგად უკვე სამი ადამიანი დაიღუპა — ორი ბრუკლინში, ერთი კი მანჰეტენში. თოვლის დაწყების შემდეგ 800 000-ზე მეტი აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
ზოგიერთ ქალაქში ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე დიდ თოვლს ელოდებიან. ამ ფონზე, ხელისუფლება მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.
ნიუ-იორკში რეკორდული ყინვის გამო საჯარო სკოლები ორშაბათს დაიკეტება და სწავლა დისტანციურად გაგრძელდება. ქალაქის მერის განცხადებით, შეზღუდვა დაახლოებით 1100 სკოლას შეეხება.
სინოპტიკოსების პროგნოზით, ნიუ-იორკის ჩრდილოეთით და დასავლეთით მდებარე ტერიტორიებზე თოვლის საფარმა შესაძლოა 30–46 სმ-ს მიაღწიოს, ხოლო ქალაქის მიმდებარე ზონებში, ლონგ-აილენდსა და ნიუ-ჯერსის სანაპირო რაიონებში მოსალოდნელია 15–30 სმ თოვლი.
