LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დაკარგულთა სიაში დილით 10 მოქალაქე დაგვხვდა, 7 ვიპოვეთ, 3-ის კვალს ვეძებთ“ – თურქეთში საქართველოს ელჩი

142
BeFunky-collage - 2023-02-06T221521.222

დილით დაკარგულთა სიაში 10 მოქალაქე დაგვხვდა, 7 ვიპოვეთ და სამის კვალს ვეძებთ, – ამის შესახებ თურქეთში საქართველოს ელჩმა, გიორგი ჯანჯღავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მისივე თქმით, მოქალაქეებს ანკარაში გადაყვანა შესთავაზეს და თუ საჭირო გახდება აღნიშნულ ზომასაც მიმართავენ.

“ჩვენი საკონსულო სამსახურის ცხელ ხაზზე შემოდის ასობით ზარი. ბევრი არის თანადგომის, შეხსენების, ინფორმაციის გამო, მაგრამ არიან ისეთები, რომლებიც გვეუბნებიან, რომ კონკრეტულ ქალაქში ამა თუ იმ ტელეფონზე შეიძლება იყვნენ ჩვენი მოქალაქეები და ჩვენი მხრიდან ამის გადამოწმება მიმდინარეობს.

ამ ეტაპზე ჩვენ ათეულობით მოქალაქესთან გვაქვს კომუნიკაცია. გამოკითხვის შემდეგ, დილით 10 მოქალაქე დაგვხვდა დაკარგულთა სიაში, აქედან, საბედნიეროდ, 7 ვიპოვეთ და სამის კვალს ვეძებთ და იმედია, მათაც ვიპოვით. ამ 7 მოქალაქიდან 3 უკვე ქალაქიდან გასული იყო, 4 იყო დარჩენილი და ისინი ჯანმრთელად და კარგად არიან.

მოქმედების არეალი არის ძალიან დიდი. არის ჩაკეტილი ზონა და იქ გადაადგილება შეუძლებელია, მაგრამ როგორც ვიცით მოქალაქეებისგან, ბევრს შევთავაზეთ, რომ გადმოგვეყვანა ანკარაში ან სხვაგან, მაგრამ ჯერჯერობით ისინი არიან დაცულ ტერიტორიებზე თურქეთის მთავრობის მფარველობის ქვეშ. თუ საჭირო აღმოჩნდა მათი გადმოყვანა, ჩვენ ამას დიდი სიამოვნებით დავიწყებთ.

თუმცა ეს ძალიან რთული პროცედურა იქნება, რადგან ადგილზე შექმნილი ვითარების გამო პროზექტურებთან კავშირი ძალიან ჭირს. პროზექტურიდან უნდა ავიღოთ ნებართვა და ის კომპანიები, რომლებთანაც ჩვენ გვაქვს ურთიერთობა საქართველოს მოქალაქეთა გადასვენების საკითხებში, მზად არიან, რომ ჩვენც ჩაერთონ. მათ უკვე მივეცით მითითება ამასთან დაკავშირებით. არ არის გამორიცხული, რომ გადმოსვენების პროცედურას სტანდარტულზე მეტი დრო დასჭირდეს.

ეს იქნება დამოკიდებული ადგილზე არსებულ ვითარებაზე. იმ პროზექტურაში, რომელშიც პირველი გარდაცვლილი მოქალაქე ასვენია, ასევე არის ათეულობით გვამი. აქედან გამომდინარე, რაიმე კონკრეტულის თქმა გვიჭირს, თუმცა ჩვენ მაქსიმუმ გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს მოქალაქე გადმოვასვენოთ საქართველოში“, – აცხადებს გიორგი ჯანჯღავა.

შეგახსენებთ, თურქეთსა და სირიაში, საზღვართან ახლოს ძლიერი მიწისძვრა გამთენიისას მოხდა. 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგებმა ნგრევა და მსხვერპლი გამოიწვია.

თურქეთსა და სირიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2 300-მდე გაიზარდა

ღარიბაშვილი: ჩვენ ვდგავართ თურქი ხალხის გვერდით და მზად ვართ აღმოგიჩინოთ ნებისმიერი საჭირო დახმარება

ფოტო: ქართველი მეხანძრე-მაშველების ჯგუფი თურქეთში გაემგზავრა