28 წლის ბარბადოსელმა ლამაზმანმა, რობინ რიანა ფენტიმ, იგივე Rihanna-მ, როგორც იცით, წელს ახალი ალბომი გამოუშვა. პირველი სინგლი ამ ალბომიდან “Work”, რომელიც მან Drake-თან ერთად ჩაწერა, დღესდღეობით დიდი პოპულარობით სარგებლობს და მსოფლიოს მუსიკალურ ჩარტებში წამყვან პოზიციებსაც კი იკავებს. ყოველივე ამას ხელი ალბათ Drake-ის ფაქტორმაც შეუწყო და არანაკლები ზეგავლენა სიმღერის გაჰიტებაზე ამ თრექზე გადაღებულმა 2–მა ვიდეომაც მოახდინა. პირადად მე ასეთ სიმღერებს „დასამუღამებელს“ ვეძახი, ანუ რამდენიმეჯერ უნდა მოისმინო, რომ რაღაც ისეთს ჩაავლო, რომლის გამოც მოგეწონება. მე ვთვლი, რომ ნამდვილ ჰიტს ასეთი პროცედურები არ ჭირდება და პირველივე მოსმენაზე უნდა გაგიტაცოს ან კუპლეტმა, ან მისამღერმა და რაც ყველაზე მთავარია მელოდიამ. არ დაგიმალავთ და Work-ს ვერ დავამუღამე.
მეორე სინგლი სახელწოდებით Kiss It Better თითქოს მელოდიურია, „დასამუღამებელიც“ არაა, მისამღერში არის რაღაც ისეთი, თუმცა თავად სიმღერა ძალიან გაწელილია (4.12 წთ) და რადიოს მეშვეობით მისი მოსმენისას გიჩნდება სურვილი, რომ მალე მორჩეს და სხვა სიმღერა დაიწყოს. ასე რომ, არ გაგიჩენთ ამ სურვილს FM 103.4-ზე 🙂
ერთადერთმა ფაქტორმა, რამაც ამ სიმღერის პოპულარიზაცია შეიძლება მოახდინოს გახლავთ შავ–თეთრი ვიდეორგოლი, რომელშიც მომღერალი თავისი მართლაც ულამაზეს ვიზუალს ეროტიკულად წარუდგენს მაყურებელს. მაგრამ ვთვლი, რომ სიმღერა პირველ რიგში ჟღერადობაა და მერე უკვე ვიზუალი, ასე რომ Rihanna-ს არც ამ სიმღერით ვარ აღფრთოვანებული.
სინგლი, რომელზეც მინდა თქვენი ყურადღების შეჩერება გახლავთ ამავე ალბომიდან, სახელწოდებით Needed Me. არაფერს ვიტყვი არანჟირების ხარისხზე და მომღერლის შესრულებაზე , ერთიც და მეორეც რა თქმა უნდა პროფესიონალურია და ამ დონის არტისტისგან სხვას არც უნდა ველოდოთ, თუმცა თავად სიმღერა ალბათ უფრო იმისთვის გამოდგება, რომ რომელიმე დამნაშავეს, რომელიც არ აღიარებს თავის დანაშაულს ხმამაღლა ჩაურთო, მაქსიმუმ მე-3 მოსმენაზე „დაფქვავს“ ყველაფერს. (კრიმინალისტიკაში ხო არ მოვსინჯო ძალები?))). თავად სიმღერის შინაარსიც მეტად ბანალურია და სავსეა უხამსი სიტყვებით და ვთვლი, რომ ეს სიმღერა სწორედაც რომ მის ლირიკაზეა გათვლილი და არა მელოდიაზე. არჩევანი როგორც ყოველთვის თქვენთვის მომინდია – მოისმინეთ, „ისიამოვნეთ“ და რაც მთავარია, თქვენი აზრიც დააფიქსირეთ.