“ქართული ოცნების” წევრის, დავით სერგეენკოს შეფასებით, ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი მნიშვნელოვანი ფიგურაა, თუმცა, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ევროკავშირის დამოკიდებულება საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე.
ამ განცხადებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრი საქართველოში კრისტიან დანიელსონის დაანონსებულ ვიზიტს და მოლაპარაკებების განახლების შესაძლებლობას გამოეხმაურა. დავით სერგეენკოს თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირი საქართველოს მხარს უჭერს.
„თუ ტექნიკურად მოხდა ისე, რომ იგივე ადამიანი, დანიელსონი ჩამოვიდა, გამიჭირდება გითხრათ, რა ფორმატი იქნება. ნებისმიერი მოლაპარაკება მოიცავს კომპრომისს. ამ მოლაპარაკების განმავლობაში 10 პუნქტიდან 9 პუნქტი იყო მოთხოვნა მმართველი ძალის მიმართ, რომ რაღაც გაეკეთებინა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა ხაზგასმულად გააჟღერეს მთლიანად ოპოზიციის სურვილი, როცა თქვეს, რომ მათი ერთადერთი კომპრომისი არის ის, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან სხედან,”- განაცხადა დავით სერგეენკომ.