„მე, როგორც პოლიტიკოსი ყოველთვის ვამხელ იმ მავნებლებს, რომლებიც ისეთ ავანტიურაში ჩაითრევენ ქვეყანას, რაც 4 ოქტომბერს სცადეს. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ ჩემს სიმართლეში, რომ ბაჩო ახალაია იყო ამ ყველაფერში ჩართული“, – ამის შესახებ „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ჩერგოლეიშვილმა სასამართლოში მოწმის საკითხით გამოკითხვაზე შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, მან ყველაფერი საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით იცის და იმ პოსტებიდან, რაც სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა.
„მოწმედ ვერანაირად ვერ გამოვადგები სასამართლოს იმიტომ, რომ მოწმის სამართლებრივ სტანდარტს არ ვაკმაყოფილებ. ზუსტად ვიცი, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ამ ქვეყნის არაფორმალური მმართველი. ზუსტად ვიცი, რომ მამუკა ხაზარაძე უკვეთავდა მთელი ამ ხნის განმავლობაში „ტვ პირველს“ პოლიტიკურ დღის წესრიგს. ზუსტად ვიცი, რომ მზია ამაღლობელის საქმე და მისი სასჯელი არის პოლიტიკური წნეხის ქვეშ გაკეთებული, მაგრამ სასამართლოში მოწმედ ვერავის გამოვადგები, რადგან იმისთვის, რომ მოწმე იყო, საკუთარი თვალით უნდა ჰქონდეს ფაქტი ნანახი. მე, როგორც პოლიტიკოსი ყოველთვის ვამხელ იმ მავნებლებს, რომლებიც ისეთ ავანტიურაში ჩაითრევენ ქვეყანას, რაც 4 ოქტომბერს სცადეს. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ ჩემს სიმართლეში, რომ ბაჩო ახალაია იყო ამ ყველაფერში ჩართული. უბრალოდ, ეს ყველაფერი მე ვიცი საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით. პირველ რიგში, ლევან ხაბეიშვილის, თინა ბოკუჩავას, რაც მთავარია, ანი ნადარეიშვილის, ბურჭულაძის საჯარო განცხადებებიდან და ნებისმიერი გონიერი, საქმეში ჩახედული ჟურნალისტი ან პოლიტიკოსი იმავეს მიხვდებოდა. ამაზე იქნებოდა საუბარი, ჩვენ რომ რომ გვყავდეს თავისუფალი მედია, რომელიც დონორის დაკვეთის შესრულების ნაცვლად, სიმართლის გამოძიებით იქნებოდა დაკავებული და ხალხის ინფორმირებით“, – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის პოზიციას, თამარ ჩერგოლეიშვილის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ სააკაშვილი 4 ოქტომბერს დაგეგმილი აქციის საქმის კურსში იყო.
„აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ საქმის კურსში იყო. ის, რომ ამ ყველაფერს გაემიჯნა, ზუსტად ამ შიშით არის განპირობებული, რომ ბაჩო ახალაიას დაუკავშირდა ეს ყველაფერი. გაემიჯნა ის ამ ყველაფერს, ცოტა ხანში ბაჩო ახალაიასაც გაემიჯნება. რას ვგულისხმობ და წაიკითხეთ მისი პოსტები, წაიკითხეთ თინა ბოკუჩავას პოსტი, როგორ ეხვეწებოდა, რომ 4 ოქტომბრის ნაცვლად, მხარი მისი „აჯენდისთვის“ დაეჭირა, მერე უყურეთ სააკაშვილი რას აკეთებდა – „ან ახლა, ან არასდროს“ და ა.შ. ოდნავ გონება გაანძრიეთ და იმას დაინახავთ, რასაც მე ვხედავ“, – განუცხადა ჩერგოლეიშვილმა ჟურნალისტებს.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ანა წითლიძე 4 ოქტომბრის საქმის ნაწილში ბაჩო ახალაიასთან „ნაციონალური მოძრაობის“ ნებისმიერ კავშირსა და მონაწილეობას კატეგორიულად უარყოფს. წითლიძის თქმით, „რეჟიმის პროვოკაციები არაერთხელ უნახავთ და ამაში ახალი არაფერია“:
„ეს არის ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ. ძალიან სამწუხაროა, რომ თამარ ჩერგოლეიშვილის მესიჯბოქსი ემთხვევა სუს-ის მესიჯბოქსს, რომელიც სწორედ ამ ნარატივის განვითარებას ცდილობს. ისინი ცდილობენ, ბაჩო ახალაია 4 ოქტომბერთან რამენაირად დააკავშირონ, დამატებითი შეთქმულების თეორია და ამასთან დაკავშირებით „ბუა“ შექმნან. რატომ აკეთებს ამას თამარ ჩერგოლეიშვილი, დასკვნები საზოგადოებამ თავად გამოიტანოს. „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით რაც შემიძლია, გითხრათ, არის, რომ 4 ოქტომბრის საქმის ნაწილში ბაჩო ახალაიასთან ნებისმიერ კავშირსა და მონაწილეობას კატეგორიულად უარვყოფთ“, – განაცხადა ანა წითლიძემ.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, „ფედერალისტების“ ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა „ფორმულას“ ეთერში განაცხადა, რომ „4 ოქტომბერთან დაკავშირებით ბაჩო ახალაიას სახლში შეხვედრები ტარდებოდა და ამაზე „ნაცმოძრაობაში“ დაპირისპირებაც იყო, მეტიც, ამ თემაზე სააკაშვილთანაც იყო კომუნიკაცია“. ამ განცხადების შემდეგ, თამარ ჩერგოლეიშვილი პოლიციაში გამოკითხვაზე დაიბარეს. ჩერგოლეიშვილმა შსს-სი მისვლაზე უარი თქვა და გამოკითხვა მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით მოითხოვა. მისი გამოკითხვა სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს.
ფოტო სლაიდზე: „ინტერპრესნიუსი“