„ნაციონალური მოძრაობა“ შოვის სტიქიასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს ოქტომბრის დასაწყისამდე გადადებს. ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ განაცხადა და აღნიშნა, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნის გადადების მიზეზი, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვისაა“.აღნიშნული პარტია ამ ეტაპზე საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ უჭერს და აცხადებს, რომ ჯერ ყველა ბერკეტი უნდა ამოწურონ, მათ შორის მოუსმინოს შინაგან საქმეთა მინისტრის ინტერპელაციას.
როგორც თინა ბოკუჩავა ამბობს, დაელოდებიან პარლამენტში 22 სექტემბერს დაგეგმილი შს მინისტრის ინტერპელაციას და ამის შემდეგ დააყენებენ საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს დღის წესრიგში. მისივე თქმით, სწორედ ამ მომენტში, უდავოდ გამოჩნდება, რეალურად რა სურს გიორგი გახარიას – დანაშაულის გამოძიება, თუ დანაშაულის დაფარვა „ქართულ ოცნებასთან“ ერთად.
„ჩვენი მიზანი არ არის პროცედურული ომი, ჩვენი მიზანია სიმართლის დადგენა და საპარლამენტო ბერკეტების გამოყენება სწორედ სიმართლის დადგენის მიზნით. ამავდროულად, გახარიას საპარლამენტო ფრაქცია „საქართველოსთვის“დამატებით დროს ითხოვს, როგორც მათი გუშინდელი კომენტარებიდან ჩანდა, გადაწყვეტილების მიღებისთვის ინტერპელაციის პროცედურამდე, რომელიც თვის ბოლოს უნდა ჩატარდეს.
მათი რიტორიკა და ბევრი სხვა პოლიტიკური სვლა აწმყოსა, თუ წარსულში ჩემთვის მიუღებელია, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს არის საკითხი, რომელიც ადამიანების სიცოცხლეს ეხება და ეს არის საკითხი, სადაც ოპოზიციას აუცილებლად უნდა კონსოლიდაცია. ამიტომ, დაველოდოთ ამ ოპოზიციურ ფრაქციას, გადავდოთ საკითხის განხილვა ინტერპელაციის შემდეგ, ეს არის ოქტომბრის პირველი კვირა და ყველა ვმობილიზდეთ იმისთვის, რომ ერთიანი ძალებით შეიქმნას საგამოძიებო კომისია.
ამ მომენტში უდავოდ გამოჩნდება, რეალურად რა სურს გახარიას – დანაშაულის გამოძიება, თუ დანაშაულის დაფარვა „ოცნებასთან“ ერთად. მანამდე კი, შევხვდებით ექსპერტებს, ინტერპელაციის პროცედურაზე მოვუსმენთ ვახტანგ გომელაურს, ირაკლი ღარიბაშვილს და ჩავალთ შოვში, სადაც ვთავაზობ, შემომიერთდეს ყველა ოპოზიციური პარტია, პოლიტიკური ჯგუფი, თუ ერთეული პოლიტიკოსი.
მეტიც, ვთავაზობ მოძალადე და ყველაფრის მკადრებელ პაპუაშვილსაც კი, შემოგვიერთდეს და წამოვიდეს შოვში და ამჯერად, ბახილების გარეშე. ჩვენი მიზანია სიმართლის დადგენა. ჩვენ, საპარლამენტო ბერკეტების გამოყენებით ამ სიმართლისთვის ვიბრძოლებთ“, – აცხადებს თინა ბოკუჩავა.