LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით დარჩია: „ბევრი რამ დავკარგე ნარკოტიკების გამო… იმ პერიოდში არ მიმატოვეს…“

765
დავით-დარჩია

რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარია მსახიობი, დავით დარჩია.

დავიწყოთ ყველაფერი თავიდან, გვესაუბრეთ თქვენი ბავშვობის შესახებ

ცხოვრებაში ყველაფერი ხდება, ჩემი ბიოლოგიური მამაც მსახიობი გახლდათ. დედა და მამა ერთმანეთს დაშორდნენ. მისმა მეორე მეუღლემ მამის პანაშვიდზე არ მიმიშვა. იქ ძალიან გავმწარდი, თუმცა ახლანდელი გადმოსახედიდან ყველაფერი უფრო მსუბუქად ჩანს. სულ ვამბობდი, რომ ორი მამა მყავდა და ორივესი მადლიერი ვარ. ჩემი მეორე მამა იყო გურამ ფირცხალავა, ის ჩემ გვერდში იდგა მუდამ. კინო პატარაობიდანვე მიყვარდა, სწორედ გურამმა შემაყვარა ყოველივე ეს. თუმცა, მიუხედავად ამისა, როცა კასტინგზე წავედი, მისთვის არაფერი მითქვამს. გურამს გაკრიტიკება თუ მოუნდებოდა, ისე მეტყოდა ხოლმე ყოველივე ამას, კორექტულად, მე თავად ვხვდებოდი ყველაფერს. სწორედ ის იყო ჩემი პირველი შემფასებელი.

90-იან წლებში შექმენით ოჯახი, ამავე პერიოდში შეიცვალა ყველაფერი… ნარკოდამოკიდებულებას ებრძოდით…

ძალიან რთული პერიოდი იყო, თუმცა ვიპოვე ძალა. მეუღლემ მითხრა, იქნებ, გეცადა თეატრში ბედიო. რაც შეეხება ნარკოტიკებს, ამ დროს სულ მარტო ხარ ადამიანი. იმ პერიოდში მომაწყდა სპექტაკლები, მთავარი როლები და… როგორც ამბობენ, ეშმაკს არ სძინავსო, თუმცა ღმერთის წყალობით განვდევნე ეშმაკი და დავუბრუნდი ჩვეულ ცხოვრებას. ბევრი რამ დავკარგე ყოველივე ამის გამო, თუმცა მე ცუდი და უხამსი არაფერი გამიკეთებია იმ პერიოდში, გარეთ კი არ დავდიოდი, სახლში ვიკეტებოდი ხოლმე. ასეთ დროს ვერანაირი ექიმი, ვერანაირი წამალი ვერ დაგეხმარება, საკუთარ თავს თავადვე უნდა უშველო. იმ პერიოდში არ მიმატოვეს.

კოვიდის პერიოდი დაგენგრათ მრავალწლიანი ოჯახი…

დიახ, ეს ცხოვრებაა, მიზეზი არის ის, რომ დროთა განმავლობაში ყველაფერი ნელდება, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ახლა ბედნიერი ვარ და ისიც თავს ბედნიერად გრძნობს. თუმცა ჩვენ არ დავშორებივართ ერთმანეთს ისე, როგორც შორდებიან ხოლმე, სასამართლოებით და ტაფების რტყმით, ჩვენ ახლაც მეგობრები ვართ, ის ჩემი შვილების დედაა.

თქვენ სცენაზე მოგივიდათ ინფარქტი…

დიახ, ეს იყო სპექტაკლი „ოლივერი“. უცბად მომიწია ამ როლთან შეჯახებამ. თან, დირიჟორი უნდა მეკონტროლებინა, თან მემღერა, თან მეთამაშა, ძალიან რთული გამოწვევა იყო. მეორე მოქმედებაში გულთან წვა ვიგრძენი, ვთხოვე სასწრაფო გამოეძახათ, მალევე მიხვდნენ რაშიც იყო საქმე და წამიყვანეს საავადმყოფოში. შემდეგ სტენდები ჩამიდგეს. ამ სპექტაკლში ბოლოს მაინც ვითამაშე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები