ექიმების მხრიდან ჭარბი მედიკამენტების გამოწერის შემთხვევების აღმოფხვრა სხვადასხვა რეფორმებითაა შესაძლებელი. ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ჯერ კიდევ 2012 წლიდან ცნობილი იყო, რომ ჯანდაცვაზე საქართველოს მთლიან დანახარჯებში მედიკამენტების წილი ძალიან მაღალი იყო და რიგი კვლევებით ეს მაჩვენებელი 60%-მდე აღწევდა. მისივე ინფორმაციით, ახლა ეს მაჩვენებელი შემცირებულია და ბოლო კვლევებით 40%-მდეა.
„ამას აქვს ორი მიზეზი: წამლის ფასები და სამედიცინო მოვლის ხარისხი, როდესაც ექიმი მაქსიმალურად გადაიზღვევს ხოლმე თავს იმისგან, რომ გამოწეროს ბევრი წამალი. ეს მედიცინაში ცნობილი ფენომენია და პოლიპრაგმაზია – ავადმყოფისათვის ერთდროულად გაუმართლებლად მრავალი წამლის და სამკურნალო პროცედურის დანიშვნა ჰქვია. ის რეფორმები, რაც მიმდინარეობს მიმართულია სწორედ აქეთკენ. ერთი მხრივ, ბაზარზე კონკურენციის გაზრდა და ფასების შემცირება, რისი ტენდენციაც გამოკვეთილია. მეორე მხრივ, ექიმის გადამზადება და სამედიცინო ხარისხის მოვლის კონტროლი. ეს არის ძლავრი მექანიზმი იმისთვის, რომ ეს პრობლემები მინიმუმადე იყოს ჩამოსული”- განაცხადა სერგეენკომ.
რაც შეეხება საკითხს, არსებობს თუ არა ექიმების ფინანსური დაინტერესება და გარიგებები სააფთიაქო ქსელებთან, სერგეენკოს თქმით, ფინანსური დაინტერესება არის ბრალდება, რომელსაც შესაბამისი მტკიცებულებები და გამოძიების ჩატარება სჭირდება.
„საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებამ” გამოაქვეყნა კვლევა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ქართველი ექიმები ფინანსური დაინტერესების გამო პაციენტებს ჭარბ მედიკამენტებს უნიშნავენ.
