LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დავხურეთ ეს სეზონი, ქართული კლასიკური მუსიკის საღამოებისა და სექტემბრიდან კვლავ დავუბრუნდებით მსმენელს, სრულიად არაჩვეულებრივი შემსრულებლებით, პროგრამით… ჩვენს პროექტს დაემატა საგანმანათლებლო მიმართულებაც“ – თათა ლიჩელი და გიგი პიანომენი სტუმრად გადაცემაში „არტ FM“

419
გიგი-პიანომენი

რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ FM“ „ქართული კლასიკური მუსიკის საღამოების“ დამფუძნებელი, თათა ლიჩელი და პიანისტი გიგი პიანომენი სტუმრობდნენ. გადაცემის სტუმრებმა „ქართული კლასიკური მუსიკის საღამოების“ ფარგლებში, 17 ივნისს გამართული დასკვნითი კონცერტი შეაჯამეს და ახალ სეზონზე, 29-30 სექტემბერს, ბათუმში დაგეგმილი კონცერტი და მასტერკლასი დააანონსეს.

თათა, შევაჯამოთ 17 ივნისს გამართული საოცარი საღამო, რომელიც „ქართული კლასიკური მუსიკის საღამოების“ ფარგლებში შედგა.

თათა: ნამდვილად, სრულიად განსაკუთრებული საღამო იყო. მე ვთქვი კიდეც, რომ ამ სერიების მანძილზე, ალბათ, ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საღამო იყო, რადგან ეძღვნებოდა ალოიზ მიზანდარს, ადამიანს, ვისი დამსახურებაც არის ჩვენი საფორტეპიანო სკოლის, კონსერვატორიის არსებობა. ვთვლი, რომ ეს ადამიანი სრულიად იმსახურებდა, ცალკე საღამოს მიძღვნას. სწორედ ამ საღამოთი დავხურეთ ეს სეზონი, ქართული კლასიკური მუსიკის საღამოებისა და სექტემბრიდან კვლავ დავუბრუნდებით მსმენელს, სრულიად არაჩვეულებრივი შემსრულებლებით, პროგრამით. პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ რამდენადაც მე ვიცი, ბათუმელი მსმენელი დიდი ხანია ელის ერთ არაჩვეულებრივ მუსიკოსს და ჩვენი საღამოების ძალიან დიდი მეგობარს, გიგი პიანომენს და უზომოდ მიხარია, რომ სწორედ ჩვენი კონცერტების ფარგლებში გაიმართება გიგი პიანომენის კონცერტი ბათუმში.

გიგი, რამდენი ხანია, რაც ბათუმში კონცერტი აღარ გქონია?

გიგი: როგორც მე მახსოვს, ბოლოს კლასის კონცერტი გვქონდა ბათუმში, 2003 ან 2004 წელი იყო, მას შემდეგ, ბათუმში კონცერტი არ მქონია.

თათა ლიჩელი: გიგი არა მარტო მისი მუსიკალური არანორმალური ნიჭიერების და მუსიკოსობის გამო, გვიყვარს და უყვარს მსმენელს, არამედ თავის ადამიანური თვისებების გამოც. აქვე დავამატებ, რომ გიგი ჩვენი ყოველწლიური სტუმარია ბორჯომში, „ამირეჯიბის სახელობის ფესტივალზე“. როგორც წესი, გიგი სოლო კონცერტს ატარებს ხოლმე და ხალხი იქაც ძალიან ელოდება. წელს, განსხვავებულ „ქართული კლასიკური მუსიკის საღამოებს“ გავმართავთ და ყველა გავერთიანდებით „ამირეჯიბის სახელობის ფესტივალზე“, ბორჯომში, შესაბამისად, გიგის მოსმენის სიხარული ბათუმელ და ბორჯომელ მსმენელს ექნებათ.

ვისაუბროთ კონცერტსა და მასტერკლასზე, რომელიც ბათუმში 29-30 სექტემბერს შედგება.

თათა: ჩვენს პროექტს დაემატა საგანმანათლებლო მიმართულებაც, რაც გულისხმობს სხვადასხვა სახის ლექციებს, შეხვედრებს ახალგაზრდებთან, მასტერკლასებს. მინდა, რომ მასტერკლასები „ფალიაშვილის სახელობის სასწავლებელში“ ჩავატარო, შევხვდე იქაურ ნიჭიერ ბავშვებს და მოვუსმინო მათ. ერთი დღე დატვირთული გვექნება ახალგაზრდებთან შეხვედრით და ერთი დღე გვექნება გიგი პიანომენის კონცერტი, ასე რომ, დიდი სიყვარულით ვეპატიჟებით ბათუმელ მსმენელს.

გიგი: ძალიან გამიხარდა, რომ იმავე დარბაზში დავუკრავ, სადაც ბოლოს დავუკარი, ამირეჯიბის კლასთან ერთად. ზუსტად ვიცი, რომ ის პუბლიკა შეიყრება, ვისაც მართლა უყვარს კლასიკური მუსიკა, ქართული მუსიკა და პიანისტური სკოლა. ყველაზე მეტად რაც მახარებს, დასწრება არის უბილეთოდ, უფასოდ. შესაბამისად, არ იქნება ის მომენტი, რომ ვიღაცამ ფინანსური პრობლემის გამო, ბილეთი ვერ შეიძინოს. არ იფიქრონ, რომ ადგილი არ გვექნება, ყველა მოვიდეს, ყველას დიდი სიამოვნებით ველოდები.

გიგი, როდესაც პატარა იყავი, გეგონა, რომ ასეთი პოპულარული გახდებოდი?

გიგი: პირველ რიგში, უნდა ვთქვა, რომ სულ სხვა გეგმა მქონდა ჟანრობრივად.

ბოლო 5-6 წლის წინანდელი პერიოდიც რომ გავიხსენო, როცა ვფიქრობდი, როგორ შეიძლებოდა, რომ ქართული მუსიკა რაღაცნაირად საფორტეპიანო მუსიკად მექცია, იმას ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, რომ 10 წლის გოგო-ბიჭები ისხდებოდნენ და ჩემს ნამუშევარს მოისმენდნენ. ვაღიარებ, რომ ამის მოლოდინი ნამდვილად არ იყო, უბრალოდ, მინდოდა, რომ ჩვენი ძალიან მაგარი კომპოზიტორების ჩემეული ვერსია გამეკეთებინა. ის რეზულტატი, რაც მივიღეთ, ძალიან ძვირფასია. ალბათ, ეს ყველაფერი იმ უდიდესმა სიყვარულმა მოიტანა, რაც მე იმ საქმის მიმართ მაქვს, რასაც ვაკეთებ, რასაც ვუკრავ. რასაც ვუკრავ, ეს დიდი ხნის ნაფიქრია, დიდი ხნის ცოდნაა, გამოცდილებაა.

გაქვს ფეხბურთის ნოსტალგია?

გიგი: ფეხბურთზე ვაფრენ, მაგრამ ნოსტალგია ნამდვილად არ მაქვს. პიანინო ჩემი არჩევანი იყო.

ფეხბურთის გამო თუ გადაგიდია კონცერტი?

გიგი: კონცერტი არ გადამიდია, მაგრამ არცერთი თამაში, არცერთი ევროპა, არცერთი მსოფლიო არ მაქვს გამოტოვებული დაკვრის დროს, სადაც არ უნდა ვუკრავდე, რა ღონისძიებაზეც, ტელეფონს ან პლანშეტს ვიდებ ხოლმე წინ.

გარდა ნიჭისა, რაზეა დამოკიდებული კომპოზიტორის წარმატება?

გიგი: პირველ რიგში, უნდა იყოს მართლა კომპოზიტორი და უნდა წერდეს იმას, რაც საჭიროა, ისეთ რამეს, რაც ისტორიას დარჩება. ალბათ, 100-დან 2-3 კაცი წერდა, ისეთ რამეს, რაც დასარჩენია. შეიძლება, რაღაც დაწერო, ძალიან გაჰიტდეს და ეს იყოს ძალიან აქტუალური 3 თვე, 1 წელი, 10 წელი, მაგრამ მართლა ზევიდან უნდა იყო „ჩამოვარდნილი“, რომ ვინმემ 200 წლის მერე შეგასრულოს.

მარტივად შეგეძლო, რომ ამერიკაში ან მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში გეცხოვრა და იქ აგეწყო კარიერა, რატომ საქართველო?

გიგი: რომ ვაღიარო, ძალიანაც მინდოდა, უბრალოდ, რაღაცნაირად ძალიან ბევრი პრობლემა შემექმნა, ძალიან ბევრი ხელის შემშლელი ფაქტორი იყო, მერე, გადავწყვიტე, რომ აქ, საქართველოში დამეწყო ყველაფერი ნულიდან. ყველაფრის გაკეთება მარტოს მომიწია. რაც შეეხება, თუნდაც, ღონისძიებებს, ჩემს 7 კონცერტს, შეიძლება, ვიღაცას ჰგონია, რომ მხარდამჭერი მყავს, არცერთი თეთრი არ გადაუხდია არავის ჩემს კონცერტში, ჩემი თავის გარდა. მხოლოდ ხალხი და ბილეთების შემოსავალია ჩვენი მამოძრავებელი. ძალიან რთული იყო, მაგრამ ალბათ, ასე უნდა ყოფილიყო, აქ უნდა ვყოფილიყავი.

დღევანდელი გადმოსახედიდან, პროფესიულად ხომ არ ნანობ რაიმეს?

გიგი: არა, ერთადერთი, ვისურვებდი, რომ რასაც ვაკეთებ, ფარგლებს გარეთ გავიყვანო და სხვადასხვა პუბლიკას მოვასმენინო ეს სტილი. გასვლითი კონცერტები აუცილებლად საჭიროა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g