LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დებიუტი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში აღვნიშნე დაახლოებით 6 წლის ასაკში” – კახა გრიგალაშვილი 8 დეკემბერს სოლოკონცერტს გამართავს

68
კახა-გრიგალაშვილი

5 დეკემბერს რადიო „ფორტუნას“ გადაცემას „არტ-FM“-ს მომღერალი კახა გრიგალაშვილი სტუმრობდა, რომელმაც 8 დეკემბერს დაგეგმილ კონცერტზე „თბილისური საღამო გრიგალასთან ერთად“ ისაუბრა.

– კახა, სად შედგა თქვენი დებიუტი?

– დებიუტი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში აღვნიშნე დაახლოებით 6 წლის ასაკში, როცა ჯანო კახიძის  „აქაც მე ვარ, იქაც მე ვარ“ შევასრულე მულტფილმიდან „საზამთრო“.

„თბილისური საღამო გრიგალასთან ერთად“ – მომღერალი კახა გრიგალაშვილი 8 დეკემბერს სოლო კონცერტს გამართავს

– როგორ შეადგინეთ პროგრამა შემოქმედებითი საღამოსთვის?

– რეპერტუარი საკუთარი ვოკალური შესაძლებლობების და გამოცდილების გათვალისწინებით შევადგინე, ანუ პროგრამაში ყველა ის სიმღერა შევიდა, რაც თვითონ მომწონს და მინდა რომ ვიმღერო. საზოგადოება მეტწილად „ქართული ხმებიდან“ მიცნობს, ამიტომ მაქსიმალურად შევეცადე განსხვავებული რეპერტუარი შემეთავაზებინა პუბლიკისთვის, თუმცა ანსამბლის სტილისტიკა მაინც შევინარჩუნე.

– ყველამ კარგად იცის, რომ „ქართული ხმებს“ ხელმძღვანელობთ, როდის შეუერთდით ანსამბლს?

– ხელმძღვანელობა ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, მე უფრო მენეჯერი ვარ. ერთმანეთი უნივერსიტეტში სწავლის გავიცანით და სიმღერის სიყვარულით გავერთიანდით. თავიდან მალხაზ თალაკვაძე იყო ჩვენი ხელმძღვანელი, მერე კი, ბატონმა რობერტ გოგოლაშვილმა ჩაიბარა ანსამბლის ხელმძღვანელობა. 2004 წელს, ანსამბლმა ოფიციალურად შეიძინა „ქართული ხმების“ სახელი და პრიზად მიიღო ზაურ ბოლქვაძისგან ვიოლინოს გასაღები, რომელსაც მოგვიანებით „ქართველი მსმენელის გულის გასაღები“ ეწოდა.

– რას გრძნობთ, როცა კომპოზიტორები სპეციალურად თქვენთვის ქმნიან სიმღერებს?

– ყოველთვის ნაკლებად ვფიქრობდი სოლო კარიერაზე, ამიტომ სპეციალურად ჩემთვის შექმნილი სიმღერებიც ცოტაა. მე უფრო ანსამბლის შემადგენლობაში ვხედავ თავს და ჩემს მეგობრებთან ერთად მირჩევნია სიმღერა. აქვე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო იმ არაჩვეულებრივ მუსიკოსებს, ვინც ჩემს საღამოს გაახმოვანებს და გაალამაზებს. სხვათა შორის, კონცერტში ჩემი შვილი – ანაც მიიღებს მონაწილეობას. რა თქმა უნდა, ძალიან ვემადლიერები ჩემს მსმენელს, რომელიც ყოველთვის მგულშემატკივრობს, მე კი, ძალას არ ვიშურებ მათ გასახარად, რადგან სწორედ მათი სიყვარულია ჩემი შემოქმედების მთავარი მოტივაცია.

– ვისთან ერთად ჩაწერდით დუეტს?

– სიამოვნებით ვიმღერებდი უცხოელ ლამაზმანებთან ერთად. მართალია, მარიკო ებრალიძესთან მინდოდა დუეტის ჩაწერა, მაგრამ ისევ ჩემი მიზეზით არ შედგა ჩვენი თანამშრომლობა, თუმცა სოფო ხალვაშთან და არაჩვეულებრივ მსახიობთან მაკა შალიკაშვილთან ერთად მაინც შევძელი სიმღერა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები