უკრაინელი ბავშვების თვალით დანახული ომი – მძიმე განცდები და ემოციები მათ ფურცელზე გადაიტანეს და ნახატებად აქციეს.
სულ მალე მათ ნამუშევრებს პოლონელი დამთვალიერებელი იხილავს.
“დედა, მე ვხედავ ომს” – ამ სახელწოდებით გამოფენა, რომელიც 12 000-ზე მეტ ნახატს გააერთიანებს, პოლონეთის 25-ზე მეტ ქალაქში მოეწყობა.
19 ივლისს ნახატები გამოიფინება ვარშავაში, ფშემისლში, პოზნანსა და კატოვიცეში.
უკრაინული პროექტი პოლონეთის სახელმწიფო არქივის ხელშეწყობით ხორციელდება.
როგორც არქივის გენერალური დირექტორი ამბობს, გამოფენები ხალხმრავალ ადგილებში მოეწყობა, რათა ომის სისასტიკემ რაც შეიძლება მეტი ადამიანი დააფიქროს:
“იმის მიუხედავად, თუ რომელ დროსა და რა ტერიტორიაზე მიმდინარეობს ბრძოლები, ყველა ბავშვი ომს ერთნაირად უყურებს. ნახატებზე თემები და სურათები არ არის ცვალებადი… ბავშვებიც ისევე განიცდიან ომს, როგორც დიდები… ომს, რომელიც მათ არ დაუწყიათ, მაგრამ მათი მსხვერპლი გახდნენ.
გამოფენები ეწყობა ხალხმრავალ ადგილებში, რათა რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა შეძლოს მათი ნახვა. ნახატებს ექნება თანდართული ტექსტი პოლონურ, უკრაინულ და ინგლისურ ენებზე”, – ამბობს სახელმწიფო არქივის გენერალური დირექტორი პაველ პეტრჩიკი.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, პროექტის გუნდი ბავშვების ნახატების მსოფლიოში ყველაზე დიდ კოლაჟს შექმნის.
ის გაიყიდება NFT აუქციონზე და შემოსული თანხა ომით დაზარალებული ბავშვების დასახმარებლად შექმნილ ფონდს გადაეცემა.
ყველა ნახატის ნახვა შესაძლებელი იქნება პროექტის ოფიციალურ საიტზე, ასევე Facebook-ის, Telegram-ისა და Instagram-ის გვერდებზე.
უკრაინის ომისა და მშვიდობის თემაზე პროექტმა “დედა, მე ვხედავ ომს” 12 000-ზე მეტი საბავშვო ნახატი შეაგროვა.