LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დედაქალაქის მერია 30 ელექტროდამტენს თბილისში დაამონტაჟებს, ხოლო 20-ს დასავლეთ საქართველოს მიმართულებით

76
18216730_1508549789220391_647696918185423974_o

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერია კერძო სექტორთან ერთად, დამატებით 50 ელექტროდამტენს დაამონტაჟებს.

როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, 30 დამტენი დედაქალაქის სხვადასხვა მისამართზე დამონტაჟდება, ხოლო 20 დამტენი დასავლეთ საქართველოს მიმართულებით.

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ქვეყანაში ელექტრომობილები წავახალისოთ. რაც უფრო მეტი ელექტრომობილი იქნება, ეს მისასალმებელია. შესაბამისად, ჩვენ ამ პროცესების ხელშემწყობი ვართ და მიღებული გვაქვს გარკვეული გადაწყვეტილებები. არის გარკვეული შეღავათები, თუნდაც ის, რომ ელექტრომობილის მფლობელები პარკინგის საფასურს არ იხდიან. ასევე, A კატეგორიის ტაქსის მძღოლები, რომლებსაც ელექტრომობილები ჰყავთ, ლიცენზიის გადასახადს არ იხდიან. ამასთან, მთელი ქალაქის მასშტაბით, ჩვენ უკვე დავაყენეთ ელექტროდამტენები – დაახლოებით 60 ერთეული. ყველაზე მთავარი ის არის, რომ ელექტრომობილების დატენვა უფასოა.

კერძო სექტორთან ერთად მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და დამატებით, 50 ელექტროდამტენის მონტაჟის პროექტი განხორციელდება. აქედან 30 დამტენი დამონტაჟდება დედაქალაქის სხვადასხვა მისამართზე, ხოლო 20 დამტენი მოეწყობა დასავლეთის მიმართულებით, ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე. იცით, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანია ელექტრომობილებისთვის დამტენების ხელმისაწვდომობა არამხოლოდ ქალაქში, ქალაქგარეთაც, რათა ქალაქიდან გასვლის შემთხვევაში, სატენი მოწყობილობით სარგებლობა ხელმისაწვდომი და კომფორტული იყოს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისი თქმით, პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებული იქნება პირობა, რომ დასავლეთ საქართველოს მიმართულებით ორი ელექტროდამტენი სადგური განთავსდეს.

„დასავლეთის მიმართულებით გათვალისწინებულია ორი ელექტროდამტენი სადგურის მოწყობა, სადაც თითოეულზე ორივე მიმართულებით, როგორც თბილისი-ბათუმის, ასევე, ბათუმი-თბილისის, მოეწყობა ათ-ათი სწრაფი დამტენი თავისი საჭირო ინფრასტრუქტურით, კვების ობიექტებით, დასასვენებელი სივრცეებითა და ადგილებით.

აღნიშნული პროექტი განხორციელდება დღეიდან, დაახლოებით, 7 თვის განმავლობაში. ვიმედოვნებ, რომ კომპანია ზედმიწევნით შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს და მოსახლეობას შევთავაზებთ დატენის მომსახურებას არამხოლოდ ქალაქის ტერიტორიაზე, არამედ ქალაქგარეთაც, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ელექტრომობილების განვითარებას და ასევე, გადაწყვეტილების მიღებაში დავეხმარებით იმ ადამიანებს, ვინც ჯერ კიდევ ფიქრობს, შეიძინოს თუ არა ელექტრომობილი“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g