საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, სებ-ი საქართველოში ციფრული ლარის განვითარების საკითხზე ღია, საჯარო განხილვებს დაიწყებს. როგორც გვენეტაძემ აღნიშნა, საკმაოდ კარგი წარმოდგენა აქვს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება ტექნოლოგიურად ციფრული ლარის შემოღება.
„ჩვენ ჩავატარეთ შეხვედრები ტექნოლოგიურ კომპანიებთან, რომლებმაც გამოხატეს ინტერესი საქართველოში ციფრული ლარის განვითარებასთან დაკავშირებით. დღეს გვაქვს საკმაოდ კარგი წარმოდგენა იმაზე, თუ როგორ შეიძლება ტექნოლოგიურად ციფრული ლარის შემოღება, რა ვარიანტები შეიძლება არსებობდეს. ამჟამად, განვიხილავთ ციფრული ვალუტის შესაძლო კონკრეტულ მახასიათებლებს. აღსანიშნავია, რომ ციფრული ვალუტის ბევრი კომპონენტი უკვე არსებობს და ტექნოლოგიურად საკმაოდ გამართულია, თუმცა, ჯერ კიდევ ბევრი კომპონენტია განსავითარებელი – მაგალითად, ოფლაინ გადახდები, ინტეროპერაბელურობა სხვა სისტემებთან და ა.შ. ვფიქრობთ ასევე როგორ იქნება შესაძლებელი კერძო-საჯარო პარტნიორობის სხვადასხვა ფორმები გამოვიყენოთ. ცოტა ხანში გვექნება ღია, საჯარო განხილვები ამასთან დაკავშირებით და ვფიქრობთ, ესეც ხელს შეუწყობს სხვადასხვა აზრის მოსმენას ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა გვენეტაძემ.
ცნობისთვის, ციფრული ლარი (CBDC) ერთგვარი კრიპტოვალუტაა. ამ ტიპის ვალუტით შესაძლებელი იქნება გადახდა, დაგროვება, სესხის აღება.