„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნონა მამულაშვილის განცხადებით, დღეს იურისტებს მიხეილ სააკაშვილთან კომუნიკაციის შესაძლებლობა არ ჰქონდათ და ამიტომ არჩევნებთან დაკავშირებით მისი პოზიცია, სავარაუდოდ, ხვალ გახდება ცნობილი.
ამის შესახებ მან რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან ჟურნალისტებს განუცხადა.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნას.
„ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ ნომერ პირველი მტერი მიხეილ სააკაშვილი მაქსიმალურად დისკომფორტში ამყოფოს და ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ მის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხე შეექმნას.
რაც გუშინ ვიხილეთ, ეს იყო კვლავ ჩატარებული რუსული სპეცოპერაცია, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ უკვე შეკვეთილი ციფრი უბრალოდ დაწერა და არჩევნები კიდევ ერთხელ მოიპარა. ამიტომ, ჩვენ ვნახეთ, რამხელა დარღვევები იყო და რაზეა ეს ხალხი წამსვლელი იმისთვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს,“- განაცხადა მამულაშვილმა.