გაითვალისწინეთ, რომ მიმართულებადაკარგული (უკურსო) მთვარის პერიოდი იწყება 11:31 საათზე და გასტანს 17:08 საათამდე. მთვარის ამგვარი მოქმედება ზედმეტად ადუნებს ადამიანის ყურადღებას, რაც ამ დროის მონაკვეთში შეიძლება გახდეს არასასურველი ტრავმებისა და ავარიების მიზეზი. ამიტომ, მძღოლებმა და ქვეითად მოსიარულეებმა ამ პერიოდში განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ და ყურადღება არ უნდა მოადუნონ.
გარდა ამისა, დღეიდან იწყება მეტად საინტერესო მოვლენა – 9 ივლისამდე სიყვარულის, ხელოვნებისა და სილამაზის მმართველი პლანეტა ვენერა გადაინაცვლებს ლომის ზოდიაქოს ნიშანში. ეს ზეგავლენა სასიყვარულო ურთიერთობებში მეტ აქტიურობას, კომუნიკაციასა და სამსახიობო ნიჭის გამოვლენის უნარს შემოიტანს. საგრძნობლად გაუმჯობესდება ურთიერთგაგება შვილებთან. ფინანსურად ეს პერიოდი განავითარებს და წინ წასწევს თეატრისა და ხელოვნების ფართო სპექტრს, დიზაინის, არქიტექტურის, კოსმეტიკის, ტანსაცმლის, რესტორნებისა და სხვა გასართობი ინდუსტრიის სფეროებს. ასევე, ამ პერიოდში დიდი წარმატებითა და მომატებული ენერგიით იმოქმედებენ საბავშვო გასართობი ცენტრები.
პარტნიორული ურთიერთობები – ურთიერთობებში მოიმატებს სიამაყე, პრეტენზიულობა და ეგოიზმი. ამავდროულად, მოსალოდნელია სიურპრიზებიც.
დღის რეკომენდაცია – ზოგად საკითხებში მოიმატებს ემოციურობა, ამიტომ იყავით მშვიდად. დღე ძალიან კარგია კულინარიისათვის, ფოტოგრაფიისათვის, ასევე ავეჯის, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, პარფიუმერიისა და კოსმეტიკის შესაძენად. მაქსიმალურად მოერიდეთ კისრის მკვეთრ მოძრაობებს, ხალებისა და პაპილომების მოშორებას, სარისკო მოქმედებებსა და სულსწრაფ გადაწყვეტილებებს. აუცილებლად აკონტროლეთ თქვენი საფულე. დღე მთლიანობაში სასიკეთოა ვაჭრობისათვის, ქორწინებისათვის, მეგობრული კონტაქტებისათვის, მგზავრობისათვის, სახის კანისა და თმის კვებისათვის, ასევე სამშენებლო საქმიანობისათვის. დღევანდელი სიზმრები მიგვანიშნებენ და გვამცნობენ სხვადასხვა მოსალოდნელი დაბრკოლებების (წინააღმდეგობების) შესახებ.
ჯანმრთელობა – ჯანმრთელობის კუთხით დღეს სუსტდება ყელისა და ენდოკრინული სისტემა (მათ შორის ფარისებრი ჯირკვალი), სწორი ნაწლავის ზონა და ფილტვები. ოპერაციების ჩატარება აღნიშნულ ორგანოებთან მიმართებაში, განსაკუთრებული (გადაუდებელი) აუცილებლობის გარდა, არ არის სასურველი.
დღის მინერალები – მინერალებიდან გამოიყენეთ აქატი, მალაქიტი, მარჯანი, ქრიზოპრაზი, ზურმუხტი. მათი გამოყენების შემთხვევაში, თქვენ მეტად მოიზიდავთ სასიკეთო კოსმიურ ენერგიებსა და ცხოვრებისეულ შესაძლებლობებს.
ზოდიაქოს ნიშნები – დღევანდელი დღე ძალიან კარგი და სასიკეთოა კუროს, კირჩხიბის, ქალწულისა და მორიელის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულთათვის. შედარებით დაძაბულია ეს პერიოდი მშვილდოსნისა და მერწყულისათვის, რომელთაც მართებთ მეტი ყურადღების გამოჩენა საკუთარი ჯანმრთელობისა და დღის ნეგატიური გამოვლინებების მიმართ. დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნებისათვის დღე წარმატების კუთხით საშუალოა.