დღეს მძიმე კოსმიური ენერგიების დღეა – ახალმთვარეობაა. ამასთანავე, დღევანდელი დღე გეომაგნიტურია, რაც ნიშნავს იმას, რომ გეომაგნიტური ენერგიები მეტ პრობლემას უქმნის ადამიანის გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემას. აღნიშნული კოსმიური მოვლენები შესაძლოა არასასურველი ტრავმებისა და ავარიების მიზეზი გახდეს. ეს პერიოდი განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს არა მხოლოდ ტრავმების კუთხით, არამედ, მაგალითად, არტერიული წნევის მხრივაც – წნევის მოულოდნელმა ცვალებადობამ შესაძლოა გამოიწვიოს თავის ტკივილი და სხვა დისკომფორტული გამოვლინებები. ასეთ შემთხვევაში, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია წნევის გაზომვა და, საჭიროებისას, ორგანიზმის წესრიგში მოყვანა შესაბამისი მედიკამენტების პროფილაქტიკური მიღებით.
ამასთანავე, განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს მიმართულებადაკარგული (უკურსო) მთვარის პერიოდი, რომელიც დაიწყება დილით, 06:55 საათზე და გასტანს დღის 16 საათსა და 16 წუთამდე. ამ მონაკვეთში მთვარის ნეგატიური ენერგია ზედმეტად ადუნებს ადამიანების ყურადღებას, რაც ზრდის არასასურველი ტრავმებისა და ავარიების რისკს. ეს დრო სიფრთხილეს მოითხოვს როგორც მძღოლებისგან, ისე ქვეითად მოსიარულეებისგან.
დღეს მზისა და მთვარის ენერგიების შეერთება ხდება ტყუპების ზოდიაქოში. ეს ასტროლოგიური მოვლენა დღის განმავლობაში საგრძნობლად შეუწყობს ხელს ადამიანებში აგრესიისა და დეპრესიის გამოვლენას, კონფლიქტებსა და სხვადასხვა სახის ცდუნებებს. მოიმატებს შეცდომების დაშვების ტენდენცია და ტრავმულ-ავარიული რისკები; გაღვივდება სულსწრაფობა, შინაგანი მერყეობა, გაორება, ჯანმრთელობის გაუარესების ტენდენციები და სხვა ნეგატიური გამოვლინებები, რის გამოც მართებულია მაქსიმალური ყურადღების გამოჩენა.
დღის რეკომენდაციები – დღეს იფიქრეთ მხოლოდ პოზიტიურზე, რადგან ეს ხელს შეუწყობს თქვენი გეგმების რეალიზაციას. ამავდროულად, კატეგორიულად იკრძალება ნეგატიურ საკითხებზე ფიქრიც კი. ნუ მოკიდებთ ხელს ახალ და სარისკო საქმეებს, შეეცადეთ დღე მშვიდად გაატაროთ და მხოლოდ ყოველდღიური, რუტინული საქმიანობით შემოიფარგლოთ. დღევანდელი დღე არ ვარგა ყიდვა-გაყიდვისთვის, ასევე ფულის სესხებისა თუ გასესხებისთვის. პერიოდი ნეგატიურია სიყვარულისა და ქორწინებისთვის, უძრავი ქონების ნებისმიერი ოპერაციისთვის, ახალი თანამშრომლების სამსახურში მისაღებად და არც პარტნიორული თანამშრომლობის დაწყებაა სასურველი. მოერიდეთ სარემონტო სამუშაოების დაწყებას. დღეს საგრძნობლად მოიმატებს ინტრიგებისა და ჭორების ტენდენცია, ამიტომ შეეცადეთ, ზედმეტი არ ილაპარაკოთ და საკუთარი საიდუმლოებები არ გათქვათ.
ჯანმრთელობა – ჯანმრთელობის კუთხით დღეს სათუთი და სუსტია ფილტვების ზონა, ბრონქები, ხელები და მხრები. ამ ორგანოებზე ოპერაციების ჩატარება, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, მიზანშეწონილი არ არის. მოერიდეთ ხორცსა და ხორცეულ კერძებს, ასევე აარიდეთ თავი უჰაერო სივრცეებს. სასიკეთოა სპეციალური სუნთქვითი ვარჯიშების ჩატარება.
დღის მინერალები და ფერები – მინერალებიდან რეკომენდებულია გიშერის, თოფაზის, აკვამარინის, გიაცინტისა და ამაზონიტის გამოყენება – ეს ქვები მეტად მოიზიდავენ თქვენკენ სასიკეთო კოსმიურ ენერგიებსა და ცხოვრებისეულ შესაძლებლობებს. ფერებიდან სასიკეთო და პოზიტიურია ყვითელი, ბეჟი, ნარინჯისფერი, თეთრი და ვერცხლისფერი ტონები. აღნიშნული ფერები, სამოსში გამოყენების შემთხვევაში (იქნება ეს ცალ-ცალკე თუ ერთობლივ კომბინაციაში), საგრძნობლად გააძლიერებენ თქვენს შარმსა და მიზიდულობას.
ზოდიაქოს ნიშნები – დღევანდელი დღე პოზიტიურად აისახება მშვილდოსნისა და მერწყულის ზოდიაქოს ნიშნებისთვის. შედარებით დაძაბული და რთულია პერიოდია კუროს, კირჩხიბის, ქალწულისა და მორიელისთვის – ამ ნიშნებს მეტი ყურადღება მართებთ საკუთარი ჯანმრთელობისა და მიმდინარე ნეგატიური გამოვლინებების მიმართ. რაც შეეხება დანარჩენ ზოდიაქოს ნიშნებს, მათთვის დღე წარმატების კუთხით საშუალო მაჩვენებლით ხასიათდება.