გაერთიანებული სამეფოს საგარეო თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივანი ჯეიმს კლევერლი საქართველოს ეწვია, – ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, თეიმურაზ ჯანჯალია დახვდა.
მხარეებმა ისაუბრეს ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრებისა და ღონისძიებების შესახებ. აღსანიშნავია, რომ ვიზიტის დროს ჯეიმს კლევერლი შეხვდება ქართველ კოლეგას, ილია დარჩიაშვილს და საქართველოს მთავრობის მეთაურს, ირაკლი ღარიბაშვილს.
ამასთან, ის ეწვევა საოკუპაციო ხაზს და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას.
საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩის, მარკ კლეიტონის განცხადებით, 2016 წლის შემდეგ, ეს გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სახელმწიფო მდივნის პირველი ვიზიტია საქართველოში.
როგორც ცნობილია, დიდი ბრიტანეთი საქართველოსა და მოლდოვას ფინანსურ დახმარებას გამოუყოფს.
„ცოტა ქვეყანას ესმის უკეთესად რუსეთის მავნე მოქმედების ფარული ტაქტიკა, ვიდრე მოლდოვასა და საქართველოს. გაერთიანებული სამეფო განზე არ გადგება, ვიდრე მოსკოვი აშკარად ძირს უთხრის მათ დემოკრატიას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ მათი გამძლეობა რუსეთის ჰიბრიდული საფრთხეების მიმართ, დავიცვათ მათი ხალხის დემოკრატიული არჩევანი და დავიცვათ ისინი მათ კარის ზღურბლზე არსებული საფრთხისგან
საქართველოში დემოკრატიის გასაძლიერებლად დიდი ბრიტანეთი ასევე 500 000 გირვანქა სტერლინგს გამოყოფს, რომელიც მიზნად ისახავს 2024 წელს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის გარემოს შექმნას და მათ გარე ჩარევისგან დაცვას”, – წერია განცხადებაში.