„დიდი ინტერესი არ მაქვს იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იქნება მათი მხრიდან წარმოდგენილი“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
კალაძე გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოს „ლელო-ძლიერი საქართველო“ მერობის ერთ-ერთ კანდიდატად, მომღერალ მერაბ სეფაშვილის კანდიდატურას განიხილავს:
„დიდი ინტერესი არ მაქვს იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იქნება მათი მხრიდან წარმოდგენილი. მე მაქვს ჩემს გუნდთან ერთად ხედვა, თუ რა სჭირდება ჩვენს დედაქალაქს მომდევნო 4 წლის განმავლობაში, რა კონკრეტული პროექტები უნდა განხორციელდეს, როგორ უნდა ვუპასუხოთ იმ სირთულეებს, გამოწვევებს და პრობლემებს, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს თბილისში. სხვა პოლიტიკური პარტიები ვის კანდიდატურას წარადგენენ, ჩემთვის ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს“, – განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, დღეს გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურნენ პარტია „ლელოშიც“:
„ლელომ”, როგორც აქამდე განაცხადა, მერობის კანდიდატად „ტესტავს“ რამდენიმე სახეს. ამისთვის ტარდება კვლევა, რომლის შედეგების მიხედვით გადაწყდება, თუ ვინ იქნება თბილისში, „ლელოს“ და გახარიას პარტიის მიერ შეთანხმებული მერობის კანდიდატი“, – აცხადებენ „ლელოში“
პარტიის წარმომადგენლების განცხადებით, თბილისში მცხოვრებლებს შორის ატარებენ გამოკითხვას იმის შესახებ, თუ ვის ისურვებდნენ დედაქალაქში მერობის კანდიდატად. კითხვარი არაერთი პირის სახელსა და გვარს მოიცავს, რომლებიც თბილისის მერობის პოტენციურ კანდიდატებად მოიაზრებიან.
ინფორმაცია მერაბ სეფაშვილის კანდიდატურის განხილვის თაობაზე ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ გაავრცელა.