„ისრაელით უკმაყოფილო ვარ, არც ირანით ვარ კმაყოფილი, იმდენ ხანს და ისე სასტიკად იბრძვიან, რომ არ იციან, რა ჯანდაბას აკეთებენ“, – Fox News-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჰააგაში, ნატო-ს სამიტზე გამგზავრებამდე ჟურნალისტებთან საუბრის დროს თქვა.
ტრამპის თქმით, ახლო აღმოსავლეთში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია როგორც ისრაელმა, ასევე ირანმა. მისივე განცხადებით, ის დარწმუნებული არ არის, რომ მხარეებმა ეს განზრახ გააკეთეს.
„ჩვენ უნდა დავამშვიდოთ ისრაელი, რადგან დღეს დილით მისია გააგრძელეს. ისრაელი უნდა დავამშვიდო, როგორც კი თქვენგან წავალ, ვნახავ, შევძლებ თუ არა მის შეჩერებას“ – თქვა დონალდ ტრამპმა.
მოგვიანებით დონალდ ტრამპმა Truth Social-ში დაწერა, რომ ისრაელი ირანზე თავდასხმას არ აპირებს და ცეცხლის შეწყვეტა ძალაშია.
„ისრაელი ირანზე თავდასხმას არ აპირებს, ყველა თვითმფრინავი უკან დაბრუნდება და შინ გაემგზავრება, ირანისკენ კი მეგობრული „თვითმფრინავის ტალღას“ გააკეთებს…
არავინ დაშავდება, ცეცხლის შეწყვეტა ძალაშია! გმადლობთ ამ საკითხისადმი თქვენი ყურადღებისთვის!“ – დაწერა ტრამპმა.
მანამდე, დონალდ ტრამპმა ასევე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით ისრაელს მოუწოდა, რომ თავისი პილოტები უკან დაებრუნებინა.
„ისრაელო, არ ჩამოაგდოთ ეს ბომბები. თუ ამას გააკეთებთ, ეს სერიოზული დარღვევა იქნება. წაიყვანეთ თქვენი პილოტები სახლში, ახლავე! დონალდ ტრამპი, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი“, – დაწერა მან.