LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დონალდ ტრამპი საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობის შემცირებას აპირებს

154
დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპმა, ინაუგურაციამდე რამდენიმე დღით ადრე, ფედერალურ უწყებებში დასაქმებულთა მიმართ ცვლილებები დააანონსა.

გარდა იმისა, რომ აშშ-ის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ფედერალური ხარჯების შესამცირებლად მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი შექმნა, ფედერალური სამუშაო ძალის შემცირებაც განიზრახა.

ტრამპი „გეგმა F“-ის ამოქმედებას აპირებს, რომლის მიხედვითაც გაუქმდება ყველა ის სახელმწიფო ორგანო, რომლის ფუნქციის შეთავსება სხვა სტრუქტურას შეუძლია. გარდა ამისა, ფედერალურ უწყებებში დასაქმებული, დაახლოებით, 50 000 პირისთვის ჰიბრიდული და დისტანციური სამუშაო რეჟიმი დასრულდება, რომელიც ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ პანდემიის პერიოდში შემოიღო. როგორც ტრამპი აღნიშნავს, ის თანამშრომლები, რომლებიც ოფისებში არ დაბრუნდებიან, თანამდებობებს დატოვებენ, რადგან 2025 წელს დისტანციურად მუშაობის პრაქტიკის შენარჩუნებას არანაირი ახსნა აღარ აქვს.

„გეგმა F“-ი არ შეეხებათ მაღალი რანგის აღმასრულებელ პირებს, რადგან მათი და რიგითი საჯარო მოხელეების უფლებამოსილება აშშ-ის კოდექსის სხვადასხვა ნაწილით რეგულირდება.

ექსპერტების შეფასებით, ანგარიშვალდებული ფედერალური სამუშაო ძალის შექმნის მცდელობამ, შესაძლოა, მთავრობაში კეთილსინდისიერი ადამიანების მოზიდვა განაპირობოს, თუმცა გადაჭარბებულ ზომებს კვალიფიციური კანდიდატების დაფრთხობაც შეუძლია.

აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპის ამ ინიციატივას არ იზიარებენ დემოკრატი სენატორები, რომელთაც მიაჩნიათ, რომ მთავრობის ზომის დრამატული შემცირება დარჩენილ საჯარო მოხელეებზე ზეწოლას გაზრდის, რადგან დამატებითი მოვალეობები დაეკისრებათ. ასეთმა ვითარებამ მათ, შესაძლოა, კერძო სექტორში გადასვლისკენ უბიძგოს, სამუშაო ძალის დეფიციტი კი აშშ-ის საჯარო უწყებებისთვის დიდ პრობლემად იქცევა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g