„დონორებისგან წახალისებული და „ენჯეოებისგან“ ორგანიზებული ქუჩის ტერორი თავისი ამაზრზენობის პიკშია – 9 აპრილის ძალადობის შემდეგ, დღეს, ღამის 2 საათზე, ქართველი როდიონოვები თეა წულუკიანს მიუვარდნენ სახლში, სადაც, მისი ოჯახი, მცირეწლოვან ბავშვთან ერთად ცხოვრობს“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს.
„დონორებისგან წახალისებული და „ენჯეოებისგან“ ორგანიზებული ქუჩის ტერორი თავისი ამაზრზენობის პიკშია. 9 აპრილის ძალადობის შემდეგ, დღეს, ღამის 2 საათზე, ქართველი როდიონოვები პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს თეა წულუკიანს მიუვარდნენ სახლში, სადაც, მისი ოჯახი, მცირეწლოვან ბავშვთან ერთად ცხოვრობს.
სახლებში შევარდნები, შუა ღამის ტერორი ბავშვების თვალწინ და მათ გასაგონად, ნაცნობი ხელწერაა, რომლის ისტორიებსაც, ეს დღეებია, სწორედ თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით მიმდინარე საპარლამენტო გამოძიებისას მთელი საქართველო ისმენს.
ევროპის სახელით მოთარეშე ორკების დღევანდელი ძალადობის აქტი, კარგი მიზეზია, რომ კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ, ვისი დასმა უნდოდათ ხელისუფლებაში გარედან. ესენი არავის დაინდობენ, არც ქალს და არც კაცს, არც ბავშვს და არც ასაკოვანს.
უკვე მესამე დღეა ამ ტერორის მიმართ სოლიდარული დონორები პასუხის, დაგმობის, გამიჯვნის ღირსადაც არ თვლიან საქართველოს საზოგადოებას“, – წერს პაპუაშვილი.
ცნობისათვის, გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის 9 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ერთ-ერთი შეტაკების შემდეგ, ტყვედ ჩაუვარდა მოწინააღმდეგეს, წამებისა და დაკითხვის შემდეგ კი, ცხინვალის მე-5 სკოლასთან, ძმათა სასაფლაოზე ცემით მოკლეს. 2008 წლის ნოემბრამდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ცხინვალიდან ათი ქართველის ცხედარი გადმოასვენეს, გენეტიკური ექსპერტიზით დადგინდა, რომ ერთ-ერთი მათგანი გიორგი ანწუხელიძე იყო. გარდაცვალების შემდეგ საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.